logo_geo
eng_logo
რა სურს ამერიკას?! (წერილი მეორე)
- +

19 ოქტომბერი. 2022. 12:29

 

 

ზელენსკი რომ გარე პროექტი იყო, ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდით, უკრაინის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე რომ დაიწყო საუბრები. ნულოვანი პოლიტიკური ბექგრაუნდის ფიგურის ეკრანიდან რეკვიზიტი ტახტრევნით გადმობრძანება და ციმციმ, პირდაპირ ქვეყნის მეთაურის სასახლეში დასკუპება თითოეული ქართველისთვის ამის უტყუარი ნიშანი იყო, რადგან პოლიტიკის ამდენი ცოდნა და გამოცდილება დიდი ხნის წინ დავაგროვეთ. ორი რამ რჩებოდა გასარკვევი: ა) პროექტი რა პროცესებზე და რა შედეგებზე იყო გათვლილი; ბ) ვინ არის (არიან) პროექტის ავტორი (ავტორები).

 

ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, საზოგადოებისთვის მსგავსი შეურაცხმყოფელი სცენარის თავზე მოხვევა, პოლიტიკის თეორიიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, როცა ქვეყანა გრძელვადიან მწვავე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ჩაფლული. სწორედ ასეთად ხასიათდებოდა უკრაინის შიდა მდგომარეობა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. ეს ყველაფერი ჯამში იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ კრიზისის შექმნა, მისი ხანგრძლივი დროით შენარჩუნება და გაღრმავება იმავე პროექტის ნაწილი უნდა ყოფილიყო.

 

ჯერ „ბ“ პუნქტზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას, რაც, თავის მხრივ, „ა“ პუნქტის თემების გაშლაში შეგვიწყობს ხელს:

 

მსოფლიო პოლიტიკის შემუშავებაში და ე.წ. „ახალი გადანაწილების“ დაპირისპირებებში, ბოლო ათწლეულებში, როგორც წესი, ოთხი ზემძლავრი სუბიექტი მონაწილეობს - ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირი +(პლუს) დიდი ბრიტანეთი. პროექტში, პირობითი სახელწოდებით „ზელენსკი და Co“, მისი მოქმედებაში მოსვლის პირველივე დღეებში, უყოყმანოდ შეგვეძლო გამოგვერიცხა ჩინეთისა და ევროკავშირის წამყვანი როლი. ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ აღნიშნული დასკვნის ფაქტებითა და არგუმენტებით გამაგრება ზედმეტ შრომად შეიძლება ჩაითვალოს. რჩებოდა აშშ ან რუსეთი, ან ორივე ერთად. დღევანდელი მდგომარეობით, როცა ომი სიღრმეებშია შესული, ორი თანაბარი  ვარაუდის ალბათობა კვლავაც რჩება ძალაში: აშშ-ის, ან ამერიკა-რუსეთის. 

 

„ა“ პუნქტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მხოლოდ იმაში შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული, რომ პროექტის მიხედვით საქმე რუსეთ-უკრაინის ომამდე უნდა მისულიყო, რადგან რაც მანამდე ხდებოდა, შემთხვევითობას ვერაფერს დავაბრალებთ, ყოველი წინმსწრები მოვლენა ლოგიკური ჯაჭვის გულმოდგინედ გამოჭედილ ცალკეულ რგოლს გვაგონებს. რაც შეეხება შედეგებს და მათ ანალიზს - ძირითად დასკვნებზე, ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება ვისაუბროთ, გარკვეულ შემთხვევებში მაღალი ალბათობის ვარაუდებით.

 

ბოლო დრომდე (სექტემბრის შუა რიცხვებამდე) ვფიქრობდი, რომ პოლიტანალიზი უნდა გვეწარმოებინა ომის ორიდან იმ ერთი სავარაუდო შედეგის დაშვებით, რასაც რუსეთის სამხედრო წარმატება ჰქვია. მიმაჩნდა, რომ მეორე სავარაუდო შედეგის, უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, საქმე იმის გამოცნობამდე დავიდოდა, პუტინი მოითხოვდა წითელ ღილაკს, თუ არ მოითხოვდა, თავს მოიკლავდა, თუ მისი გარემოცვა იზრუნებდა ამაზე...

 

ომის რვა თვის თავზე, როცა წითელი ღილაკის მოქმედებაში მოყვანა თეორიულიდან რეალურ პერსპექტივად იქცა, ანუ გამოიკვეთა ომის მესამე სავარაუდო შედეგი - როცა ყველა, მთელი მსოფლიო, სრულიად სამყარო შეიძლება წაგებული დარჩეს, კონფლიქტის პირველი თვეების მოცემულობიდან კარდინალურად განსხვავებულ მოცემულობაში ამოვყავით თავი.

 

რუსეთის საზოგადოება თავიდანვე ორ ნაწილად იყო გაყოფილი - ომის მომხრეები (ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა) და ომის მოწინააღმდეგეები (ძირითადად მოქალაქეთა შეძლებული ნაწილი). ფრიად სამწუხაროა, რომ ომის იდეური მოწინააღმდეგეები მხოლოდ რამდენიმე ათეულ ათას კაცს ითვლის.

 

ომის მოწინააღმდეგეთა მატერიალურად უზრუნველყოფილი ნაწილი, თუ ადრე თვლიდა, რომ პუტინი უკვე მიღწეულით უნდა დაკმაყოფილებულიყო, დღეს, უკრაინის ჯარის წარმატებების პირობებში, სხვა განწყობებს აფიქსირებს. საზოგადოების ამ მეტად გავლენიან სეგმენტს, სრულიად საფუძვლიანად, მიაჩნია, რომ უკრაინაში სამხედრო მარცხი განვრცობით ხასიათს შეიძენს და არა მარტო პუტინისა და მისი ხელისუფლებისთვის, არამედ მათთვისაც და რუსეთის ფედერალური სახელმწიფოსთვისაც კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი პუტინის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი შედეგის მიღწევისთვის, დღეს უკვე ყველა ხერხისა და საშუალების გამოყენებას დაუჭერენ მხარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს რუსეთი ერთიანია პუტინისტურ მიზნებთან დაკავშირებით.

 

დედამიწის თავზე ათასობით ატომური ბომბი დამოკლეს მახვილივით დაეკიდა. ვინც ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის საინფორმაციო საშუალებებს ეცნობა, დამეთანხმება, რომ საზოგადოებაში ბირთვული საფრთხის შიში გეომეტრიული პროგრესიით ვრცელდება. მაგალითად, ამერიკელი სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტ ბაიდენსა და დემოკრატიულ პარტიას ღიად ადანაშაულებენ ატომური ომის პროვოცირებაში და ამ საფრთხის პირობებში გაუმართლებლად მიაჩნიათ უკრაინის არმიის ისეთი მასშტაბის მხარდაჭერა, რასაც მათი სახელმწიფო ახორციელებს.

 

გამანადგურებელი ომის შიშს მოსალოდნელი ენერგეტიკული პრობლემებით გამოწვეულ უკმაყოფილებასაც თუ დავუმატებთ (საპროტესტო გამოსვლები უფრო მასობრივ და ინტენსიურ სახესა და ხასიათს მიიღებს), დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთელ დასავლეთში და განსაკუთრებით ევროპის სახელმწიფოებში პოლიტიკური კრიზისები გარდაუვალია.  

 

„უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“ - ნიშნავს თუ არა ეს პროპაგანდისტული ნარატივი იმას, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს? ამ კითხვაზე მსოფლიოს ყველა ქვეყნის ნორმალური მოქალაქე მხრებს აიჩეჩავს... ქართველის გარდა(!). ხომ გვაზეიმეს 2008 წლის აგვისტოში „დიდი გამარჯვება“? ამით იმის თქმა მინდა, რომ შესაძლებელია „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ ის „გამოსავალიც“ ჰქონდეთ შემონახული, როცა „ყველა მხარე კმაყოფილია“. ისტორიას უყვარს გამეორებები. (ეს ისე... ერთი-ორი სიტყვა ჩემთვის ვთქვი)... 

 

რუსეთის ყოველი უკუსვლა პირდაპირპროპორციულად ზრდის ბირთვული ომის საფრთხეს. უკრაინის ომი ამერიკა-რუსეთის ომია. აქედან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელი „პოლიტიკის მამების“ ხელშია, სადამდე მივა პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ანალიზი დადის ერთ მთავარ კითხვამდე - რა სურს ამერიკას?    

                                                                         

ამ სამკვდრო-სასიცოცხლო კითხვაზე ზემოთ ჩამოთვლილი მსოფლიოს ოთხი ზესუბიექტის პერსპექტივის შეფასება მოგვცემს მეტ-ნაკლებად მიახლოებულ პასუხებს... მაგრამ ამაზე შემდეგ წერილში.

 

 

ბიძინა  დვალი

19.10.2022 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner