logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ოჯახის განმარტების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერს
- +

9 მარტი. 2016. 13:44


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ოჯახის განმარტების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერს და ამავეს მოუწოდებს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებსაც. ამის შესახებ ხუნდაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება საზოგადოებაში ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებულ შიშს საბოლოოდ მოხსნის.

 

„ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერ. იცით, რომ ჩვენ საკანონმდებლო დონეზე უმცირესობის უფლებებს ვიცავთ. მაგრამ, რატომღაც ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღიურად საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ამ ადამიანების უფლებები ილახება. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ შეიძლება ოდესმე ქვეყანაში დადგეს საკითხი, რომ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავითვალისწინოთ როგორც უმცირესობების აზრი, ისე უმრავლესობის. ხელისუფლება ვალდებულია, გაითვალისწინოს საზოგადოებრივი აზრი და გარკვეულწილად მოახდინოს შიშის პრევენცია და საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ეს საკითხი. გვინდა, რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ავსახოთ, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. შიშის ეფექტის მოსახსნელად, ეს ცვლილება გამართლებული და სწორია.

 

ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივას პარლამენტში მხარდაჭერა ექნება, რადგან ეს არის პოლიტიკის მიღმა არსებული საკითხი. ყოველგვარი პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, ეს ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად მხარდაჭერილი უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ უმცირესობაც და მითუმეტეს უმრავლესობა მყარად დააფიქსირებს თავის პოზიციას და კონსტიტუციაში ეს ცვლილება შევა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner