უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს სთხოვს, რუსეთის საოკუპაციო არმიას არ შეუერთდნენ.
„დღეს ცალკე მინდა მივმართო ჩვენს ხალხს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში. უახლოეს მომავალში ოკუპანტები შეეცდებიან კაცების ჯარში წაყვანას. ყველგან იგივე სიტუაციაა, რაც დონეცკსა და ლუგანსკში. გთხოვთ შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ამას. შეეცადეთ დატოვოთ ოკუპირებული ტერიტორია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„თუ ამას ვერ გააკეთებთ და აღმოჩნდებით რუსეთის სამხედრო სტრუქტურებში, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში შეეცადეთ დაყაროთ იარაღი და მიხვიდეთ უკრაინის პოზიციებზე. რაც მთავარია, გაუფრთხილდით თქვენს სიცოცხლეს. დაეხმარეთ ჩვენს სხვა მოქალაქეებს, რომლებიც თქვენთან ახლოს არიან. ჩვენი საერთო ამოცანა გამკლავებაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.