რუსეთი გაერო-სთან თანამშრომლობის საკითხს გადახედავს, თუ ორგანიზაცია ჩამოგდებული, სავარაუდოდ ირანული დრონების გამოსაკვლევად უკრაინაში ექსპერტებს გაგზავნის. ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მისი მტკიცებით, საბრძოლო მოქმედებებში რუსეთი მხოლოდ საკუთარი წარმოების დრონებს იყენებს.
„ჩვენ უპილოტოების საკუთარი წარმოება გვაქვს. ჩამოგდებული დრონების ფრაგმენტებზე შესაძლებელია რუსული წარწერის ხილვა. არ მგონია, რომ რუსული ამდენად ფართოდ გამოიყენება ირანში“, – განაცხადა დმიტრი პოლიანსკიმ.
ამასთან, დიპლომატმა მიანიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტი შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს, რადგან რუსეთი ამ შეთანხმების აუცილებლობაში დარწმუნებული არ არის. მისი თქმით, რუსეთისთვის მთავარ საკითხად რუსული სასუქი და საკვები პროდუქტი რჩება.
„ჩვენ განვიხილავთ პრაქტიკულ შედეგებს რუსეთისთვის და არა მცდელობებს, სასურველი რეალურად გაასაღონ. პრაქტიკული შედეგები ძალიან მოკრძალებულია“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.