25-28 აგვისტოს, სოფელ წერაქვში, ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი „ONE CAUCASUS 2016" ჩატარდება. ფესტივალი უმასპინძლებს მონაწილეებს მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის - აზერბაიჯანიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ეგვიპტიდან, ინდოეთიდან, კენიიდან, საფრანგეთიდან (მარტინიკი), ნეპალიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, სენეგალიდან, სომხეთიდან, ტიბეტიდან, ტუნისიდან, უკრაინიდან. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები, უორქშოფები და სხვადასხვა წარმოდგნა მოეწყობა.
ფესტივალი „ONE CAUCASUS" მარნეულის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე წელია ტარდება. ღონისძიების ჩატარების მიზანია, ადგილობრივ საზოგადოებასა და რეგიონის განვითარებაზე ზრუნვა, არაფორმალური განათლებისა და სხვა შემეცნებითი პროგრამების დანერგვის გზით. ყოველწლიურად ფესტივალი თავს უყრის მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან.
ღონისძიების ფარგლებში, მარნეულში უკვე ჩამოყალიბდა „პირველი სამოქალაქო ბიუჯეტი", რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო ინიციატივებსა და პროექტებს ადგილობრივ დონეზე.
პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო, ვარშავის მერია, აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.