„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს ახალი საპარლამენტო შემადგენლობის კანდიდატები კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე და აკაკი ზოიძე ესწრებოდნენ.
„ოზურგეთს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც ზურგქარია ნებისმიერი თანამედროვე პოლიტიკოსისთვის", - ამ სიტყვებით გახსნა დისკუსია არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო სისტემას და საარჩევნო კანონმდებლობას, თვითმმართველობის რეფორმას, სოციალური დაცვის საკითხებს, ასევე, გარემოს დაცვისა საკითხებსა და მიწის მესაკუთრეების უფლებებს შეეხო. არასამთავრობო სექტორის მხრიდან აქცენტი თვითმმართველი ერთეულებისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვის და გამოყენების პროცესში ბარიერების მოხსნაზე გამახვილდა. დისკუსია გაიმართა განათლების სისტემის რეფორმაზე და საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე.
„ახლოს არის ის დრო, როცა კერძო სექტორი განათლების სისტემას პირდაპირ შეუკვეთს ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალებს" - განაცხადა კახა კუჭავამ.
„სახელმწიფო დახმარებასთან ერთად ბენეფიციარებს დასაქმებასაც შესთავაზებს. მხოლოდ ასე შეიძლება სიღარიბის მანკიერი წრე გავჭრათ", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
შეხვედრაში, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, მონაწილეობა „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", „ფენიქსი 2009-მ", „გურიის აგრობიზნესცენტრმა", „გურიის ახალგაზრდულმა რესურცენტრმა" და „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა მიიღეს".