უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო, უკრაინა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც წყალი, სინათლე და სითბო კვირების, ან თუნდაც თვეების განმავლობაში არ იქნება.
„ეს სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენი ელექტროსადგურების ან ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტების 30% დაზიანდა. იქ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არ არის მარტივი, ეს რთული საქმეა, ორ დღეში ვერ გამოასწორებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
თუმცა, ალექსეი არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ უკრაინელები გაუმკლავდებიან აღნიშნულ სიტუაციას.
„შეიძლება შეგვექმნას სიტუაცია, როდესაც კვირების ან თუნდაც თვეების განმავლობაში ვიქნებით წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე, ან დიდი შეზღუდვები გვექნება. ეს არის პრობლემა. თუმცა, ჩვენ ვიცით როგორ გავუმკლავდეთ და გადავრჩეთ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა, ალექსანდრ ხარჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული.
„სამწუხაროდ, ბოლო მონაცემებით, საერთო ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული. გრძელდება სარემონტო სამუშაოები, თუმცა დღეს და ხვალ მოსალოდნელია ენერგომომარაგების შეზღუდვა. ეს იქნება არა მხოლოდ ავარიული, არამედ გეგმური გათიშვაც, რათა ქსელზე დატვირთვა შევამციროთ“, - განაცხადა ხარჩენკომ.