logo_geo
eng_logo
„წიგნის ბუდე“ მწვანე ქალაქში - „პროკრედიტ ბანკის“ მხარდაჭერით მორიგი სკვერის ბიბლიოთეკა წყალტუბოში გაიხსნა
- +

21 ოქტომბერი. 2022. 13:39

 

 

პროექტი „წიგნის ბუდე“ ამჯერად ყველაზე მწვანე ქალაქს, წყალტუბოს, ეწვია.  სკვერის ბიბლიოთეკის გახსნის პარალელურად, ადგილზე გამოფენაც გაიმართა, ბრომელიც საქართველოში გერმანელების ყოფასა და ცხოვრებას მიეძღვნა. წყალტუბოში დამონტაჟებული „წიგნის ბუდე“ სიმბოლურად ოტია იოსელიანის სახლის მაკეტია.

 

„წიგნის ბუდე“ საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის პროექტია, რომელიც პროკრედიტ ბანკთან ერთად ხორციელდება. ინიციატივამ, რომელიც თიანეთიდან დაიწყო, ამჯერად წყალტუბოში გადმოინაცვლა. პროექტის ფარგლებში მოწყობილი სკვერის ბიბლიოთეკებიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მისთვის სასურველი  წიგნი აიღოს, ადგილზე წაიკითხოს ან, სულაც, სახლში წაიღოს, შემდეგ დააბრუნოს ან სხვა წიგნით ჩაანაცვლოს.

 

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი  კეკელიძემ ღონისძიებაზე განაცხადა, პროექტს ორმაგი დატვირთვა აქვს: პირველ რიგში, ის ერთგვარი მოწოდებაა წიგნიერებისკენ, ხოლო, მეორე მხრივ - სამკითხველო დარბაზის ფუნქციასაც ატარებს. მისივე თქმით, პროექტში ახალი თაობის ჩართულობა განსაკუთრებით საჭიროა.

 

„პროკრედიტ ბანკის“ მარკეტინგის სპეციალისტმა, თამარ ვაჩნაძემ, სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ „პროკრედიტ ბანკი“ ყოველთვის ენთუზიაზმით ერთვება იმ პროექტებში, რომლებიც განათლებასა და წიგნიერების გავრცელებასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი - მაშინ, თუ საქმე ეხება რეგიონებსა და მოზარდ თაობას.

 

ღონისძიებას ესწრებოდა ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის, შვილიც. დაჩი იოსელიანმა მადლობა გადაუხადა იდეის ავტორსა და ღონისძიების მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მათ, ვინც ამ წიგნებს წაიკითხავს.

 

ღონისძიება მსახიობ მაკა შალიკაშვილის ლექციით დასრულდა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლებისა და  წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და „პროკრედიტ ბანკის“ მხარდაჭერით, „წიგნის ბუდის“ გახსნა სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

 

https://www.youtube.com/watch?v=JS2u9QWTc4A

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner