logo_geo
eng_logo
რა სურს ამერიკას?! (წერილი მესამე)
- +

21 ოქტომბერი. 2022. 18:32

 

 

ამ სათაურით წარმოდგენილი წერილების ციკლის მესამე ნაწილში მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესში მსოფლიო პოლიტიკის ოთხი ზესუბიექტის (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ევროკავშირი) პერსპექტივებზე უნდა მესაუბრა (ასე მქონდა დაანონსებული), მაგრამ ბოლო დღეების ორმა იაფფასიანმა მანიპულაციამ მაიძულა, თემა შემეცვალა (ეს თემაც ციკლის საერთო კონტექსტის ნაწილია).

 

ვერ გავატარებ! ვერ გავატარებ, რადგან არ შეიძლება გავატაროთ, როცა საქმე ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემულო, შეურაცხმყოფელ, აგდებულ დამოკიდებულებას ეხება (თუნდაც იაფფასიანი პოლიტტრიუკების გამოყენებით).

 

„ევროსაბჭოს“ რეზოლუციას და „უკრაინულ“ სანქციებს თუ განყენებულად შევაფასებთ, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ორ უბადრუკ გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ თუ მათ შევხედავთ როგორც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ელემენტებს (სწორედ ასეთად უნდა ფასდებოდეს), მაშინ...

 

მიუხედავად იმისა, რომ განვლილი რვა თვის განმავლობაში ყველა შეტევა, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, წარმატებით მოვიგერიეთ, თავს დამშვიდების უფლებას ვერ მივცემთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ომის დასრულებამდე საფრთხე მუდმივად იარსებებს.

 

ახლა მთავარზე... მთელმა საქართველომ იცის, რომ არც სააკაშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადების „იდეა“ დაბადებულა ევროსაბჭოს კაბინეტებში და არც სანქციებით შანტაჟი წარმოადგენს უკრაინელი „პოლიტიკოსების“ თვითშემოქმედებას. (ამ „უბრალო“ მიზეზის გამო მოექცა ბრჭყალებში „ავტორების“ დასახელებები). ნებისმიერი შემთხვევითი გამვლელი გეტყვით, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ინიციატივა სათავეს იღებს ერთი ცენტრიდან, იმ ცენტრიდან, სადაც შემუშავდა  მსოფლიოს ახალი გადანაწილების მიმდინარე პროცესში ქართველი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენების გეგმა. ამ ცენტრს, მძიმედ გასახსენებელი წარსულის „ნოსტალგიიდან“ გამომდინარე, „ვაშინგტონის კრემლის“ სახელით მოვიხსენიებ ხოლმე.

 

ხსენებული ორი დოკუმენტის ინიციატივა, ფორმალურად, უკრაინელი „პოლიტიკოსებიდან“ და ნაცმავნებლების ქართველი და უკრაინელი წევრებიდან მოდიოდა. შეიძლება მინდოდეს ვიფიქრო, რომ ამ ყველაფრის უკან სააკაშვილისა და ბოკერიას ძველი მეგობარი, ჩვენი ხელისუფლების მიერ უარყოფილი და ამის შემდეგ უკრაინაში წარგზავნილი, ელჩი ბრიჯიტ ბრინკი დგას მეთქი, მაგრამ როცა დამაზიანებელ აქტივობებს სისტემატური და კომპლექსური ხასიათი აქვს, ამის პიროვნულ დონეზე დაყვანა დიდი გულუბრყვილება იქნება. ეს შეფასება იმის გამეორებაა, რაც ელჩი დეგნანის მისამართით არაერთხელ მითქვამს.

 

(ისე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალბატონი კელის ყოველი პირის გაღება ჩვენი კითხვებისა და ეჭვების მყისიერ, მკაფიო დასტურად იქცევა ხოლმე, მათზე ერთგვარ  ბეჭდის დასმას ემსგავსება. კელი დეგნანის დონის „დიპლომატის“ მოვლინება თავისთავად არის უპატივცემულობისა და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების გამოვლენა სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ქვეყნისადმი. გასაგებია, სამხედრო ოფიცერზე რატომ გაკეთდა არჩევანი, მაგრამ მსგავსი კატასტროფა?!. ამერიკის საგარეო პოლიტიკის მესვეურებს ასეთი იაღლიში სხვაგან რომ მოსვლოდათ, მონაყოლით ვერ და არ დავიჯერებდი... ნული დიპლომატია - ნულოვანი პოლიტიკური კვალიფიკაცია, ნულოვანი მანევრირების უნარი და... კოლოსალური უტიფრობა. ასეთი ელჩები, უბრალოდ, არ არსებობენ).

 

ვფიქრობ, „ურწმუნოებისთვის“ არამეგობრული დამოკიდებულების ახალ არგუმენტად უნდა იქცეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირის, ქალბატონი ჯენკინსის ვიზიტი. სამწუხაროდ, საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულებისთვის ეპითეტად „არამეგობრულზე“ უფრო რბილი სიტყვა ვერ შევარჩიე. ძალიან მძიმეა ამის აღიარება. მძიმეა, როცა ღიად გიფიქსირებენ, რომ მეორეხარისხოვანი ხარ („მეგობრების“ ყოველი ფრაზის მიღმა იკითხება - „როგორ ბედავთ...“, „ჭკუით იყავით, თორე-ე...“ და სხვ.). აღნიშნული განსაკუთრებით მძიმეა ჩვენთვის, უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის, რადგან ეს ერთხელ უკვე გავიარეთ და კიდევ უფრო მძიმეა იმიტომ, რომ მთელი შეგნებული ცხოვრება რუსეთის იმპერიასთან ომში გავატარეთ და იმ დროიდან პარტნიორად შეგულებული ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენ სამართლიან კითხვებს და თუნდაც პრეტენზიებს, უაპელაციოდ და უსინდისოდ, რუსეთის სამსახურად რომ გვითვლიან... ამაზე მეტ შეურაცხყოფას ვერც მოიფიქრებ...

 

„რა სურს ამერიკას?!“ ციკლის პირველ წერილში გულისტკივილით აღვნიშნავდი: „ქალბატონი ჯენკინსის ვიზიტმა დაგვანახა, რომ პოზიციების გადასინჯვა „ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას“ და იქვე გამოვთქვამდი ვარაუდს - ეტყობა „ამერიკის შესაბამისი სამსახურები თვლიან, რომ ამ დროში (ომის დასრულებამდე) თავისი გეგმების რეალიზების შანსი კიდევ ბევრჯერ მიეცემათ“. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ, ყოვლად სამარცხვინო მანიპულაციებით შანტაჟის მცდელობამ, დაგვანახა, რომ არ ვცდებოდი.

 

ასე რომ, როგორც ბატონი ჭაბუა იტყოდა - ჭკუით, ქართველებო!

 

 

ბიძინა  დვალი

21.10.2022 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner