logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან
- +

21 ოქტომბერი. 2022. 19:57

 

 

2022 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, მარკო მიჰკელსონთან, რიჰარდს კოლსთან  და ლაიმა ანდრიკიენესთან.

 

მინისტრი მიესალმა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა ერთობლივ ვიზიტს, რომელსაც დღევანდელი გამოწვევების ფონზე დამატებითი მნიშვნელობა ენიჭება.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებასა და მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებაზე.

 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შეუქცევადობა. აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე.

 

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში, საუბარი შეეხო მომავალ წელს ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტს. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები და ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

 

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს  საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად შენარჩუნების მნიშვნელობას.

 

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner