რუსმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი - ჩარივნე და ჩკალოვო, ხოლო ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“რუსეთის საოკუპაციო არმიის ცალკეული ქვედანაყოფები ტოვებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას. გახშირდა „მაროდიორობისა“ და ადგილობრივი მოსახლეობის გაძარცვის შემთხვევები. არსებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ მთლიანად დატოვა ჩარივნესა და ჩკალოვოს დასახლებული პუნქტები, ხოლო ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი”, - წერია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ „მაროდიორობისა“ და უკანონო ქმედებების შემთხვევები ქალაქ ხერსონშიც გახშირდა. კერძოდ, ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას ავტომობილებს ართმევენ.