ავტორი ალა გრიგალაშვილი
„მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის „გაზპრომის" წინააღმდეგ ისტერიკის მიზეზი, „სოკარში" მათი წილების შემცირებაა", - ამის შესახებ „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, „სოკარ ჯორჯია" არის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის წილების 30%-ზე მეტს ფლობს მიხეილ სააკაშვილი.
„სწორედ ამ ფულით ხდება „ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსება. მათ ჰყავთ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ხეთაგური „სოკარ ჯორჯიაში", რომელიც კურირებს ფინანსურ ნაკადებს და მისგან ხდება თანხების მიწოდება. ისინი აფინანსებენ ყველა ანტისახელმწიფოებრივ ღონისძიებას;
ჯერჯერობით „სოკარი" არის აბსოლუტური მონოპოლისტი ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე და თუ „გაზპრომის" გაზი შემოვიდა, მათი შემოსავლები განახევრდება. თუ ერთადერთი პურის მაღაზიაა ქუჩაზე და მეორე გაიხსნა, ლოგიკურია, პირველი მაღაზიის გაყიდვები შემცირდება. ამიტომაც არიან ნაციონალები ისტერიკაში..." - განაცხადა ბაღათურიამ.