გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ თემატური მოკვლევის - „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“ ფარგლებში ზეპირი მოსმენა ჩაატარა.
საბჭოს წევრის, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ჯგუფის წევრებმა უშუალოდ იმ პროგრამების წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებიც მეწარმე ქალებს ფინანსურ რესურს აწვდიან.
საუბარი გაიმართა როგორც მიღწევებზე, ასევე, იმ გამოწვევებზე, რომლებსაც, პირველ რიგში, თავად მეწარმე ქალები ხედავენ.
„ეს იყო შესაძლებლობა, რომ მეწარმე ქალების მხრიდან იდენტიფიცირებული პრობლემები და გამოწვევები, რასაც ისინი აწყდებიან, მიგვეტანა უწყებებამდე და მოგვესმინა მათი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. თანამშრომლობა უწყებებთან გაგრძელდება იმიტომ, რომ ჩვენ რეალური ცვლილებების მიღწევა გვინდა, რომელიც მეწარმე ქალებს დაეხმარება. აღმასრულებელი რგოლის ჩართვის გარეშე, ეს ცვლილებები მხოლოდ პარლამენტის მხრიდან ვერ იქნება მიღწეული. ჩვენ გავაგრძელებთ უწყებებთან კომუნიკაციას მანამ, სანამ თემატური მოკვლევის ანგარიში წარდგენილი იქნება პარლამენტის წინაშე. მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება უწყებების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება, ჩვენ კი, დავიტოვეთ საპარლამენტო მონიტორინგის მანდატს, რომ აქტიურად მივადევნოთ თვალყური მათ შესრულებას“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას უყურებს როგორც ინსტრუმენტს ქალთა გაძლიერებისთვის, რათა გახდნენ ძალადობისგან უფრო დაცული, ვინაიდან პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა ზრდის დაცულობას.
მისივე თქმით, ქალების ეკონომიკური გაძლიერება ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მათ შორის, სიღარიბესთან საბრძოლველად.
თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების შეკითხვებს უპასუხეს „აწარმოე საქართველოში“, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
თემატური მოკვლევის ჯგუფში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი დეპუტატები შედიან და ჯგუფს პირველად ხელმძღვანელობს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი.
მოკვლევა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) და დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.