logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ისრაელის ქალაქ აფულას დელეგაციას შეხვდნენ
- +

25 ოქტომბერი. 2022. 01:03

 

 

 

ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე და ჯგუფის წევრები ხატია წილოსანი და ნინო იობაშვილი ისრაელის ქალაქ აფულას დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ და ამ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაძმობილებული ქალაქების თელავისა და აფულას შორის კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული და კონკრეტულ ბიზნესის მიმართულებებით დაწყებულ თანამშრომლობას.

 

„სტუმრებთან ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელზეც უკვე შეთანხმდნენ თელავის მერიასთან. აღინიშნა, რომ კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული და ბიზნესის მიმართულებებით არის კონკრეტული წინადადებები, რაც იძლევა საშუალებას ვთქვათ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა უკვე წარმატებულია, რადგან მას პირველი მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მოაქვს. დაიგეგმა გაცვლითი ვიზიტები და ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება. ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ, რომ ბიზნეს ურთიერთობები გაფართოვდეს და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ისრაელიდან. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ მეგობრობის ჯგუფის ოფიციალური ვიზიტისას ისრაელში, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება, ჩვენ ჩავალთ ამ ქალაქში, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შევხვდებით. გავაცნობთ მათ ჩვენთან არსებული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომ ხელი შევუწყოთ მეტი ებრაული ინვესტიციის მოზიდვას საქართველოში. ასევე, აღვუთქვით სტუმრებს, რომ ჩვენი მხრიდან ამ დაძმობილებულ ქალაქებს შორის მეგობრობის და ურთიერთობის განვითარებას პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

 

ქალაქების დამეგობრების ინიციატივა სწორედ ამ მეგობრობის ჯგუფს და მის ხელმძღვანელს ეკუთვნის, რომლის შესახებაც საუბარი ერთი წლის წინ დაიწყო. მიმდინარე წლის ზაფხულში კი, ქართული დელეგაციის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, თელავსა და აფულას შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის საფუძველზე, კონკრეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით ისრაელის დელეგაცია უკვე მეხუთედ ჩამოვიდა საქართველოში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner