გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში შტაინმაიერი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
„უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით“, – განაცხადა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას.
მან ასევე გერმანელებს მიმართა და მოუწოდა, არ დაავიწყდეთ, თუ რას ნიშნავს ეს ომი უკრაინის მოსახლეობისთვის და რამდენი ტანჯვა, ნგრევა მოუტანა ომმა უკრაინელებს.
მედიის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გასულ ოთხშაბათს გეგმავდა, თუმცა ვიზიტი გადაიდო გერმანიის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა, ასევე უსაფრთხოების სამსახურების რეკომენდაციით უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.