logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: პრეზიდენტ ალიევის მიერ პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გახმოვანებული ინიციატივები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ჩართულობა მნიშვნელოვანია
- +

25 ოქტომბერი. 2022. 13:44

 

 

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტსა და ქვეყნისთვის მის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

 

სალუქვაძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ალიევმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ბრიფინგზე ინიციატივები გაახმოვანა, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროცესებში საქართველოს ჩართულობა.

 

ამასთან, სალუქვაძის განცხადებით, ალიევის ინიციატივების გაჟღერება საქართველოში შემთხვევით არ მომხდარა.

 

„ჩემი აზრით, კითხვებს არ უნდა იწვევდეს თუნდაც ის ელემენტარული საკითხი, რომ  სამეზობლოში უნდა გქონდეს აქტიური პოლიტიკა, სანდო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. ეს არის აუცილებელი. ბოლო წლებში განსაკუთრებულ გააქტიურებას ვხედავთ ამ მხრივ, მით უმეტეს, როცა ჩვენს რეგიონში ასეთი დაძაბული ვითარებაა.

 

ჯერ დავიწყოთ ყარაბაღის კონფლიქტის ჭრილში და აქ აქტიური ჩართულობა საქართველოს მთავრობის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, ბევრჯერ აღინიშნა, პირველად რაც მოხდა, ეს იყო მედიაცია საქართველოს ჩართულობით აზერბაიჯან-სომხეთს შორის.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ქვეყნის სტატუსს და როლს, რა თქმა უნდა, ამაღლებს.

 

თავად ილჰამ ალიევმა ბრიფინგის დროსაც გაახმოვანა აზერბაიჯანის ინიციატივები სომხეთისადმი და როცა ამას აკეთებს პრეზიდენტი საქართველოში პრემიერ-მინისტრთან ერთად, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და ამის აღნიშვნა შემთხვევით არ მომხდარა პრეზიდენტ ალიევის მხრიდან.

 

რა ხდება დღეს მსოფლიოში განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე? ამ ომიდან გამომდინარე განსაკუთრებით რა სირთულეები შეექმნა ევროპას უსაფრთხოების კუთხით და ჩვენ ვიხილეთ ზაფხულში ფონ დერ ლაიენის ვიზიტი ბაქოში. არაფერია მალული იმაში, რომ ევროპა ეძებს რუსული ენერგომატარებლების ალტერნატივას. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის რესურსები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ სრულად ჩაანაცვლოს რუსული ენერგომატარებლები, მაგრამ ის, რომ პრეზიდენტმა ალიევმა გაახმოვანა საქართველოში გაზის და ნავთობის ექსპორტის ზრდის საკითხი და ამ მხრივ საქართველოს ტრანზიტული შესაძლებლობების გამოყენებას გაუსვა ხაზი, ამის მნიშვნელობა ალბათ ბავშვისთვისაც უნდა იყოს გასაგები.

 

ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო ამ ვიზიტის გაქილიკება ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. საქართველოს რაც შეეხება, ტრანზიტული ქვეყნის ფუნქციას, ჩვენ ვხედავთ რუსეთის აქტივობას, რომ სხვა სატრანზიტო დერეფანი შექმნას, აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ რუსეთის ინტერესი არ არის, ვგულისხმობ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს საქართველოს გვერდის ავლით ფაქტობრივად, ამ ფუნქციის მნიშვნელობის შესუსტებაზე ალბათ ბევრი ახსნა არ უნდა გვჭირდებოდეს.

 

პრეზიდენტმა ალიევმა კონკრეტული პარამეტრები გაახმოვანა თუ რამდენად გაიზრდება საქართველოს გავლით ენერგომატარებლების ტრანზიტი და ის, რომ ეს შემოსავლებს გაზრდის, ეს ერთი მხარეა და მეორე - დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით აბსოლუტურად სხვა პირობებით მოგვეწოდება აზერბაიჯანული გაზი“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner