logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ირაკლი ღარიბაშვილის მედიატორის როლზე ყურადღების გამახვილება მსუყე პოლიტიკური გზავნილი იყო
- +

25 ოქტომბერი. 2022. 13:46

 

 

ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტი შეაფასა და იმ  მნიშვნელოვან გზავნილებზე {კონსულტაციები აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ექსპორტის გაზრდა და ბაქო-სუფსის ტერმინალის გამოყენება} ისაუბრა, რომელიც საქართველოში ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააჟღერა.

 

ექსპერტის შეფასებით, ასეთ დაძაბულ ვითარებაში, საქართველოს მხრიდან ოფიციალური ვიზიტის ჩატარება და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიღება მნიშვნელოვანი ფაქტია.

 

ანდრია გვიდიანი  ილჰამ ალიევის გზავნილებს, ენერგეტიკული პროექტების განვითარებისა და ენერგეტიკული თანმშრომლობის მხრივ პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ეს პროექტები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ტექნიკურ ენერგეტიკული თვალსაზრისით, ასევე, პოლიტიკური მდგენელის კუთხით.

 

მისი თქმით, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის მედიატორის როლზე ყურადღების გამახვილება მსუყე პოლიტიკური გზავნილი იყო.

 

„პირველ რიგში, ასეთ დაძაბულ ვითარებაში, ვგულისხმობ გლობალურად მიმდინარე რთულ პროცესებს, ძალიან მნიშვნელოვანია ოფიციალური ვიზიტის ჩატარება, როგორც პოლიტიკური, ასევე, ქვეყნებს შორის ურთიერთობის და მეგობრობის თვალსაზრისით.

 

ძალიან მნიშვნელოვანი იყო გზავნილები, რომელიც გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ენერგეტიკული პროექტების განვითარების და ენერგეტიკული თანმშრომლობის მხრივ და, ასევე, მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით.

 

ენერგეტიკაში საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს საკმაოდ დიდი თანამშრომლობის გამოცდილება და ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს ენერგეტიკული პროექტები კიდე უფრო მეტად გაძლიერდება და ახალი პროექტები წარმოიქმნება. ზოგადად ინიციატივები, რომლებიც აზერბაიჯანს აქვს, არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, როგორც ტექნიკურ ენერგეტიკული თვალსაზრისით, ასევე, პოლიტიკური მდგენელის კუთხით.

 

ტექნიკურ-ენერგეტიკულში ვგულისხმობ - საქართველოს ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებას და განვითარებას, ასევე, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.

 

რაც შეეხება პოლიტიკური თვალსაზრისით, ენერგეტიკულ პროექტებს გააჩნია საკმაოდ დიდი დატვირთვა, კერძოდ, ნებისმიერ საერთაშორისო პროექტში, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება საქართველოს როლზე და საქართველოს მნიშვნელობაზე რეგიონში. შესაბამისად, პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც უფრო მეტ პროექტში იქნება საქართველო ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური როლისთვის ერთმნიშვნელოვნად წამახალისებელი იქნება.

 

შეხვედრისას, ასევე, საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს საკმაოდ დიდი და მეგობრული ეკონომიკური თანამშრომლობა, იქნება ეს ვაჭრობის სფერო, ინვესტიციების ნაწილი, ტურიზმი თუ სხვა სფეროები. ეს მიმართულებები კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს და, რა თქმა უნდა, ეს  არის, პირველ რიგში, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თუ პარტნიორობა გაღრმავდება ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანასთან, როგორიც აზერბაიჯანია.

 

გუშინდელ გზავნილებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მესიჯები გააჟღერა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის ჭრილში, მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ინიციატივებისთვის, მედიაციის პროცესისთვის, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ახორციელებს. ეს საკმაოდ მსუყე პოლიტიკური გზავნილი იყო და, რა თქმა უნდა, მისასალმებელია საქართველოს როლის დაფასება იმ საქმეში, რასაც საქართველო აკეთებს რეგიონული უსაფრთხოების და მშვიდობის ნაწილში“, - აცხადებს ექსპერტი ანდრია გვიდიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner