logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საქართველოში მხოლოდ მმართველი გუნდია დაინტერესებული, მოხდეს პოლარიზაციის შემცირება და ევროინტეგრაცია
- +

25 ოქტომბერი. 2022. 14:08

 

 

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადება ბუნდოვანებას იწვევს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ნედ პრაისი ინფორმაციას მხოლოდ ერთი მხრიდან იღებს, რაც საერთო სურათის დანახვას აფერხებს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას, რომლის თანახმად პრაისმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან მას შემდეგ იმუშავებენ, როცა დაინახავენ, რომ ევროკავშირის მიერ მოწოდებული რეფორმები ხორციელდება.

 

ჩიხელიძე პარტნიორებს მოუწოდებს, განცხადებების გაკეთების დროს იხელმძღვანელონ ფაქტებით და კარგად გაეცნონ ქვეყანაში არსებულ რეალობას:

 

„რამდენიმე თვის წინ დეგნანმა განაცხადა, რომ პოლარიზების მიზეზი წარსულშია, მან მთავრობას უკან გახედვა ურჩია, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს ოპოზიციის შესახებ, რომლის როლიც პოლარიზების შემცირებაში საკმაოდ მაღალია. დღეს იგივე გაიმეორა ნედ პრაისმა. მათი გადმოსახედიდან, პოლარიზების შემცირება მხოლოდ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, რაც მცდარი შეხედულებაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია იხვეწება მოდი შევრიგდეთ, ერთად ვიმუშაოთ და ა.შ. რეალობა კი განსხვავებულია. საქართველოში მხოლოდ მმართველი გუნდია დაინტერესებული მოხდეს პოლარიზაციის შემცირება და ევროინტეგრაცია, აღნიშნულს ადასტურებს ფაქტები. მმართველმა გუნდმა უმოკლეს დროში დაიწყო რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა, ოპოზიციას სამუშაო ჯგუფებში მუშაობა შესთავაზა, ოპოზიციამ კი რა გააკეთა? პოლარიზაციის გაზრდის მიზნით ალტერნატიული სამუშაო ჯგუფები შექმნა, რომელთა მუშაობაც, რა თქმა უნდა, არაეფექტური იყო.

 

როდესაც საქმე საკანონმდებლო ცვლილებებამდე მივიდა, ოპოზიციის ნაწილმა მას მხარი არ დაუჭირა, ერთმა ისიც კი თქვა, ჟურნალისტები მელოდებოდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა ამ მიზეზის გამო ვერ მივიღეო. მარტივად რომ ვთქვათ, ევროინტეგრაცია არ მაინტერესებს, ქვეყნის წინსვლას, ინტერვიუს მიცემა მირჩევნიაო. ზემოთ თქმული დასტურია, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი პოლარიზაციის გაღრმავებაა. ნედ პრაისმა, ასევე, განაცხადა, რომ შეშფოთებულია მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა მეტი კონკრეტიკა, რათა გავიგოთ რა იგულისხმება ზოგიერთ ქმედებაში. თუ ეკონომიკური ორნიშნა ზრდა, ქვეყანაში არსებული მშვიდობა და განვითარება შეშფოთებას იწვევს, მაშინ ყველაფერი გასაგებია... მოვუწოდებ პარტნიორებს, განცხადებების გაკეთების დროს იხელმძღვანელონ ფაქტებით და კარგად გაეცნონ ქვეყანაში არსებულ რეალობას!“ - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner