საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტს იგორ გროსუს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აერთიანებს როგორც საერთო გამოწვევები ოკუპირებული რეგიონების სახით, ისე საერთო ევროპული მისწრაფებები.
ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ევროკავშირისკენ წევრობის და შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. შალვა პაპუაშვილმა და იგორ გროსუმ მიმოიხილეს საქართველოსა და მოლდოვას ძალისხმევა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით.
შეხვედრა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.