საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ტრავმის შემდეგ მოედანზე ბრუნდება. ინფორმაციას კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, „ვირტუს ბოლონიას“ ფორვარდი მოედანზე 27 ოქტომბერს, ევროლიგის მატჩში ითამაშებს, რომელშიც „ბოლონია“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. შენგელიამ ტრავმა 24 აგვისტოს, თბილისში, საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩის დროს მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა.
31 წლის თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას გაზაფხულზე, რუსეთის დატოვების შემდეგ შეუერთდა და მასთან ერთად საკალათბურთო ევროთასის გამარჯვებული გახდა, იტალიურ ლიგაში კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ტრავმის მიუხედავად, ვირტუს ბოლონიამ ქართველ კალათბურთელს ახალი სეზონის წინ კონტრაქტი გაუფორმა.