უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა უკრაინელ ლტოლვილებს მოუწოდა, საზღვარგარეთ დარჩნენ რუსეთის დაბომბვის შედეგად შექმნილი ენერგოკრიზისის გამო.
უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, უკრაინელები, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ არიან, უკრაინაში დაბრუნებამდე გაზაფხულს უნდა დაელოდონ.
„მინდა ვთხოვო მათ, არ დაბრუნდნენ. ჩვენ უნდა გადავრჩეთ ამ ზამთარს. სამწუხაროდ, ელექტროქსელი ამას ვერ გადაიტანს. თქვენ ხედავთ, რას აკეთებს რუსეთი. ახლა დაბრუნება ნიშნავს თქვენი თავის, თქვენი ნათესავების რისკის წინაშე დაყენებას. ასე რომ გთხოვთ, არ გააკეთოთ ეს“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
25 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა რაკეტებმა და ირანში წარმოებულმა დრონებმა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მესამედზე მეტი გაანადგურეს.
„რუსეთი ყველაფერს ანადგურებს, რომ ზამთრის გადატანა გაგვიჭირდეს, რათა უკრაინელებმა აღდგენა რაც შეიძლება დიდხანს ვერ მოახერხონ, რათა თქვენ დიდხანს ვერ შეძლოთ უკრაინის ეკონომიკური პოტენციალისა და პან-ევროპული პოტენციალის ინტეგრირება. რაკეტებმა და ირანულმა საბრძოლო დრონებმა ენერგეტიკული სექტორის მესამედზე მეტი გაანადგურეს. და ეს ზამთრის წინ! ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ამის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.