ავტორი თამაზ ჩიქვანაია
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ისტორიის საკუთრება გახდა, სრული და ყოვლისმომცველი ანალიზი არა, მაგრამ გარკვეული მოსაზრებების გამოთქმა, ვფიქრობ, უკვე შეიძლება. საყოველთაო შეფასებით, საქართველოს დელეგაციის გამოსვლა დადებითად მიიჩნიეს და ალბათ, ამის საფუძველი არის კიდეც თუ ლონდონში შედარებით მარცხიან გამოსვლას გავიხსენებთ. იყო სიამაყის განცდაც და იმედგაცრუებაც. გამარჯვებულებზე უკვე ბევრი ითქვა და კიდევ ითქმება(ალალიც არის), მაგრამ საწუხარზე საუბრისგან თავს იკავებენ(ესეც გასაგებია). მიმაჩნია, რომ უთქმელობა არ ეგების და რაც დროზე დავიწყებთ, მით უკეთესი.მთავარი სასაუბრო თემა რა თქმა უნდა მოჭიდავეთა გამოსვლაა, რადგან ვერც მოცურავეებს, ვერც მძლეოსნებს და ვერც სხვა სახეობების წარმომადგენლებს იმდენ პრეტენზიებს ვერ წავუყენებთ ერთი უბრალო მიზეზის გამო,- მათგან განსაკუთრებულ შედეგს არავინ ელოდა. სანამ ჩვენს სატკივარზე ვისაუბრებ, გულწრფელად მინდა ჩემი წილი აღტაცება გამოვთქვა ლაშა ტალახაძის, ლადო ხინჩეგაშვილის, გენო პეტრიაშვილის,ირაკლი თურმანიძისა და ზაზა ნადირაძის გამოსვლებით. ამ ხალხმა ძალა, ღონე, ენერგია არ დაიშურა. „ბრავო" ძალოსნებს და მათ მწვრთნელებს, ქედს ვიხრი ჩვენი კანოისტის წინაშე, მისი შემართების და ვაჟკაცობის წინაშე, მისი მეხუთე ადგილი ვფიქრობ მედალზე არანაკლებ ფასეული იყო.
ოლიმპიადა ახალი დასრულებულია და მეტყვიან ჯერ წარმატებული გამოსვლა ვიზეიმოთო, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვერაფრით გავიზიარებ ამ პათოსს, არა იმიტომ, რომ მედლების რაოდენობა ან ხარისხი არ მყოფნის, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ჩვენი სპორტსმენის (მწვრთნელებთან ერთად) გამოსვლა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სამწუხაროდ ეს ეხება ჭიდაობის სახეობების წარმომადგენლებს. დავიწყებ ძიუდოსა და ბერძნულ- რომაული სტილის წარმომადგენლების გამოსვლებით. დასამახსოვრებელი მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების ზოგჯერ ცრემლიანი, ზოგჯერ ინდეფერენტული და მწვრთნელების უიმედოდ გაოცებული სახეები იყო. ეს დღეები ტელევიზიით ვისმენდი ჩვენი ოლიმპიელების გამართლების მცდელობებს და ასეთი ფრაზები მჭრიდა ყურს:ცუდი კენჭისყრა... იღბალი დაგვაკლდა... არ გაგვიმართლა... ფსიქოლოგიურად არ ვიყავით მზად... და ა.შ.
რაღა დაგიმალოთ და ვერანაირად ვერ მივიღებ მსგავს გამართლებებს, რადგან მათი უმრავლესობა სიმართლეს არ შეეფერება და აი რატომ : „ცუდი კენჭისყრა, ან არ გაგვიმართლა"- აბსოლუტურად გაუგებარი მცნებაა, რადგან ტიტულებით დახუნძლული ყველა ქართველი ძიუდოისტი რიოში მედლის მოპოვების კანდიდატად მოიაზრებოდა და თუ გამარჯვებას აპირებ ნებისმიერი მეტოქე უნდა დაამარცხო, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებთან შეხვედრა მათი მოწინააღმდეგეებისთვის უნდა ყოფილიყო უიღბლობა და არა ჩვენებისთვის . ასევე არ მესმის რას ნიშნავს „არ გაგვიმართლა", რა, გამართლების იმედად წავედით ცხრა მთას იქით? ერთადერთი რასაც ვიზიარებ ეს გახლავთ-„ფსიქოლოგიურად არ ვიყავი მზად", კი ბატონო, გეთანხმებით, ნამდვილად არ იყავით და ვერც იქნებოდით რადგან ჩვენს ოლიმპიურ გუნდში ფსიქოლოგის ადგილი (უკვე მერამდენედ) არ მოიძებნა, ბოროტი ენები ამბობენ ეს ფუნქცია მწვრთნელ-ექიმებმა შეითავსესო, თუ ასეა, შედეგიც არ არის გასაკვირი. შემიძლია დეტალურად მოვყვე, რომელ სპორტსმენს სად და რა მომენტში სჭირდებოდა ფსიქოლოგის დახმარება, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, სრულად ვეთანხმები საქართველოს სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის მოსაზრებას:-„ოლიმპიადის შემდეგ კარგად უნდა გავაანალიზოთ მომხდარი, რათა შეცდომები მომავალშიც არ გავიმეოროთ". ამ ეტაპზე კი მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება- ქართველი ძიუდოისტების მოპოვებული ვერცხ-ბრინჯაო გულშემატკივარს აშკარად არ აკმაყოფილებს და მათი გამოსვლაც არადამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს. საინტერესო ფრაზა მოვისმინე ერთი ჩვენი ფუნქციონერისგან(აქაც და ყველგან თავს ვიკავებ გვარ-სახელების ჩამოთვლისგან, თუმცა, თუ ვინმეს დააინტერესებს ამისთვისაც მზად ვარ) -„ ოლიმპიადის მზადების პროცესში ჩართული იყო ორი (?) ფსიქოლოგი ვახტანგ უკლება და ვახტანგ დავითაშვილი. მათ კარგად იმუშავეს, მაგრამ კვოტის არაარსებობის გამო ისინი ოლიმპიადაზე ვერ წამოვიდნენ". მართალი გითხრათ არ მესმის რა კვოტაზეა საუბარი, ვინ დაგვიწესა რამდენი ადამიანი უნდა წავიდეს ოლიმპიადაზე? უბრალოდ, არასწორი ფორმულირებაა, უნდა ეთქვათ- თანხები არ გამოიყო რიოში მათ წასაყვანადო და ეს იქნებოდა სწორი. ვეჭვობ, საქართველოს დელეგაციაში ბევრი ისეთი „ტურისტი" დაფინანსდა, რომელთა არწაყვანითაც არაფერი დაშავდებოდა. პრესაში გამოქვეყნდა ლიპარტელიანისა და ჭრიკიშვილის მწვრთნელის გურამ მოდებაძის ინტერვიუ. თავს უფლებას მივცემ ამონარიდი შემოგთავაზოთ:
- „ბევრჯერ ვთქვი, რომ ფსიქოლოგია არაა მარტო 2-3-დღიანი მუშაობა. ფსიქოლოგები წამყვან გუნდებს წლიდან წლამდე თან დასდევენ. სულ ვამბობ, რომ როცა გამოიკვეთება ოლიმპიური გუნდის ბირთვი, ორი თუ არა, ერთი წელიწადი მაინც ფსიქოლოგი გვერდით უნდა ჰყავდეს. მან შინაგანად უნდა ამოიცნოს, რა და როგორ სჭირდება სპორტსმენს.
ღრმად მწამს, ლიპარტელიანს რამდენიმე სეანსი რომ ჰქონოდა, სხვანაირად წარმართავდა შეხვედრას. როცა აქ 3-4 დღით ჩამოდის, ძნელია ყველაფრის მოსწრება."
როგორც ამ ინტერვიუდან ირკვევა, სხვა პრობლემებიც მრავლად ყოფილა. სპეციალისტთა უმეტესობა და პირადი მწვრთნელები არ ეთანხმებოდნენ ამ გაუთავებელ საზღვარგარეთულ შეკრებებს და შეგირდებთან მუშაობის საშუალებას ითხოვდნენ, მაგრამ ნაკრების მწვრთნელები ჯიუტად დაატარებდნენ გუნდს ქვეყნიდან ქვეყანაში და მხოლოდ ბოლოს, ერთკვირიანი შეკრება ჩაატარეს საქართველოში.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა გამოსვლას კი შეფასებაც არ სჭირდება, ეს იყო სრული კატასტროფა და აქ არანაირი გამართლების ძებნა არ არის საჭირო, რადგან აგებდნენ ყველასთან ვინც კი ჭიდაობას ცდილობდა, ხოლო თავად ამის გაკეთება (ჭიდაობას ვგულისხმობ) არც კი უცდიათ. თავით მოწინააღმდეგის მხარს მიბჯენილი ხალიჩის ცენტრში ძიძგილაობა და იქნებ და ეგებას იმედად ყოფნას ჭიდაობა არ ჰქვია. ძალიან გულსატკენია, რომ გივი კარტოზიას, როსტომ აბაშიძის, რომან რურუას და მრავალ სხვა დიდებულ ფალავანთა ქვეყანაში ხუთი ადამიანი ვერ მოიძებნა, ვინც ჭიდაობას მოახერხებდა და მათ შემყურეებს არ შეგვრცხვებოდა, რომ მკერდზე ქართული დროშა ჰქონდათ მიბნეული...
აქვე, რიოში, 85 კგ. წონაში ოქროს მედალი ქუთაისელმა ბიჭმა დავით ჩაკვეტაძემ მოიგო, რომელიც სამიოდე წლის წინ აქ, ჩვენი მწვრთნელების თვალწინ ასპარეზობდა , წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ როდესაც რუსეთის ნაკრებში მიიწვიეს, რატომღაც არავინ შეეწინააღმდეგა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ოლიმპიური ოქროც მიამატა. სოციალურ ქსელში საინტერესო შეფასებას წავაწყდი და უცვლელად გთავაზობთ:
„ დასანანია, რომ ეს ქართველი ბიჭი რუსეთის სახელით ასპარეზობდა და შესაბამისად ოქროც მათია და ეს ოქროს ბიჭიც... უფრო დასანანია, რომ ასეთ მოტივირებულ სპორტსმენებს საკუთარ ქვეყანაში არ ეძლევათ გასაქანი, არ ვაფასებთ და ყველაფერს ვუკეთებთ, რომ ქვეყანა დატოვონ და ბედი სხვაგან ეძებონ. მერე, ბუნებრივია, მიდიხარ იქ , სადაც შენს შესაძლებლობებს აფასებენ, ამიტომაც არ იქნება ახლა, არავის მხრიდან ამ ბიჭის განკითხვა- „რატომ რუსეთის სახელით?". ჩვენ ხომ ვიყავით ამ ბიჭის მოყვასები, ჰოდა, დაგვეფასებინა! წარმატებები ამ ბიჭს, უბრალოდ, გული მწყდება... და ბევრჯერ დაგვწყდება გული, ასე თუ გავაგრძელებთ..."
სრულად ვიზიარებ ამ პათოსს და გულისტკივილს, რომელიც ჩვენი უნიათობის კიდევ ერთი დასტურია. თამამად შემიძლია ვთქვა , რომ რიოში მყოფი სპორტსმენები ამ დიდი ფორუმისთვის მზად არ იყვნენ, რატომ და რა მიზეზით, ეს სხვათა გასარკვევია და ალბათ გაარკვევენ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ... ურემი უკვე გადაბრუნდა. იქნებ ჩემი კომპეტენცია არასაკმარისია ასეთი მკაცრი განცხადებისთვის? მაშინ მოდით მრავალგზის მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს რომან რურუას მოსაზრებას მოგახსენებთ:
-„ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რაც ხდება, ჩემთვის ახალი არაა. ამ ოთხწლიან ციკლში გუნდი მთავარ ტურნირზე - მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე მესამედ ვერ შევიდა ათეულში. ეს ნიშნავს, რომ კატასტროფის წინაშე ვართ.
კატასტროფა არ გვაქვს ახალგაზრდა კადრებში. ისინი მზად არიან სავარჯიშოდ და იმისთვისაც, რომ თავი დასდონ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენში არ დევს ის ცოდნა და შემართება, რაც ამ ბავშვებს სჭირდებათ.
საგულისხმოა, რომ ვინც ჩვენგან მიდის, ყველა წარმატებას აღწევს. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ადგილზე არ გვაქვს კვალიფიციური ცოდნა და მწვრთნელები. ფიზიკურ აღზრდაში ხომ ჩამოვრჩებით, არაგადამდები ავადმყოფობებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, ამაში კი ძირითადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შედის.
ბოლქვაძეს რაც შეეხება, კარგი ბიჭია, მაგრამ გამოჩნდა, რომ ხელები აქვს სუსტი, თავი ვერ დაიცვა და დაახრჩო სტეფანეკმა. ირანელთან კი მოიგო, მაგრამ იქაც ჰქონდა შეცდომები - ფიზიკურად უგებდა, მაგრამ აირჩია ჩოქბჯენი. არადა, იქიდან სამჯერ ვერ დაატრიალა. როცა ორჯერ ვერ გაუკეთა გდება, მესამედ რაღას ირჩევ? სტეფანეკი ბოლქვაძეზე ძლიერი არაა. უბრალოდ, სუსტი წერტილი უპოვა და მოუგო. იმ მდგომარეობიდან თავის დაცვა არაა ძნელი, მაგრამ ეს უნდა ასწავლონ".
ბოლომდე წარუმატებელს ვერ დავარქმევ თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა გამოსვლას, სხვა თუ არაფერი ოქრო და ბრიჯაო მოიგეს, თუმცა... აქაც ბევრი პრობლემაა და მთავარი ისევ და ისევ ჭიდაობის გაუგებარი, არაქართული სტილია. მხოლოდ ფეხში შესვლა და ხალიჩიდან გაყვანა. სხვა ილეთი არც ჩემპიონს უჩვენებია და არც მესამეადგილოსანს, როგორ დავიჯერო რომ ან არ ასწავლიან და არ იციან, ან უშლიან მათ გამოყენებას, რადგან ერთგვარ რისკთანაა დაკავშირებული. უფრო მეორე, მაგრამ რატომ რისკავდნენ ვახტანგ ბალავაძე, ლევან თედიაშვილი, გურამ საღარაძე და სხვები? იმიტომ, რომ ძლიერები იყვნენ და არ ეშინოდათ, ვაჟკაცურ ბრძოლას მიჩვეულები, მარცხსაც ვაჟკაცურად ხვდებოდნენ. აქ კი რა ხდებოდა? ყოველი უნიათო გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ემალებოდნენ, ან კი რა უნდა ეთქვათ? ერთმა (სახელს არც ამჯერად ვიტყვი) ისიც კი იკადრა, ზურგით შეტრიალებულ მოწინააღმდეგეს ეძგერა, ხალიჩაზე დააგდო და ორი ქულა მოიპოვა. მსგავსი რამ ტედი რინერმა იკადრა ჩვენს ლევან მატიაშვილთან ერთხელ და მასხსოვს როგორი აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია ამ ამბავმა. სამწუხარო ის არის, რომ ბრძოლის სურვილი და ჟინი არ ეტყობოდათ ამ ბიჭებს, რაღაც სულერთია სახეებით გადიოდნენ ხალიჩაზე და ასეთივე გამომეტყველებით გამოდიოდნენ. ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვმა ასეთი შეფასება მისცა ბოლო გამომსვლელს, ელიზბარ ოდიკაძეს :
-„ფუნქციონალურად არ იყო მზად. ფიზიკურად და მორალურად უმაღლეს დონეზე მომზადებულ ამერიკელს ექვსი წუთი ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, რაც გამოჩნდა კიდეც. როდესაც 4 ქულით იგებდა, მაშინვე ვუთხარი ჩემს გვერდით მყოფებს, რომ თუ ანგარიშს სწრაფადვე არ გაზრდიდა, უპირატესობას შეხვედრის ბოლომდე ვერ შეინარჩუნებდა, ფსიქოლოგიურადაც არ იყო მზად რა თქმა უნდა. ეს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაშიც გამოჩნდა. სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტში ვერაფერი გააკეთა."
ძალიან მინდა დავეთანხმო იმ ადამიანებს, ვინც რიოს ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნის სპორტსმენებისთვის წარმატებულად მიიჩნია, თითქოს ორი ოქროც ამის დასტურია, მაგრამ რა ვქნა, რომ მე უფრო წარმატებული საქართველო მირჩევნია, მით უმეტეს, რომ ამის შანსიც იყო და შესაძლებლობაც...