უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინამ გამარჯვებისთვის ოთხი პირობა ჩამოაყალიბა და დასავლეთი მას დაეთანხმა.
„კოლექტიურმა დასავლეთმა მკაფიოდ განაცხადა: უკრაინაში გამარჯვების კონტურებს უკრაინა განსაზღვრავს, ხოლო ჩვენი საქმე დახმარებაა. როგორც შოლცმა გუშინ განაცხადა: „თუ რამე, ჩვენ დავეხმარებით [უკრაინას] ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ მზად ვართ“. იგულისხმება არა ომის ხანგრძლივობა, არამედ ომის შემდგომი აღდგენა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
არესტოვიჩის თქმით, დასავლეთი უკრაინის გამარჯვების ოთხ პირობას განიხილავს. კერძოდ, საუბარია შემდეგ პირობებზე: ტერიტორიების სრული გათავისუფლება, ომის დამნაშავეების გადაცემა, რეპარაციების გადახდა და პუტინის დამხობა.
„ყველაფერი გარკვეულია, ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენ ასე ჩამოვაყალიბეთ გამარჯვება და დასავლეთმა პირობა დადო, რომ მიზნის მიღწევაში ყველანაირად დაგვეხმარება“, - განაცხადა მან.