logo_geo
eng_logo
დიმიტრი გვრიტიშვილი: ჩვენი ოპონენტების სტრატეგია უცვლელია, მათი მიზანია კონტროლის მოპოვება სასამართლო ხელისუფლებაზე
- +

28 ოქტომბერი. 2022. 01:58

 

 

„ჩვენი ოპონენტების სტრატეგია ყოველთვის უცვლელია, მათი მიზანია კონტროლის მოპოვება სასამართლო ხელისუფლებაზე, მაგრამ ტაქტიკა ხშირად იცვლება“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, არის მოსამართლეების გარკვეული ჯგუფი, რომელიც გარკვეულწილად აფილირებულია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.

 

„2013 წელს ჩამოყალიბდა მოსამართლეთა ძირითადი ასოციაციის ალტერნატიული ასოციაცია, რომელსაც ეწოდა „ერთობა“. დაახლოებით 50-მდე იყო ამ ასოციაციის რიცხოვნება. ჩვენი ოპონენტების სტრატეგია ყოველთვის უცვლელია, მათი მიზანია კონტროლის მოპოვება სასამართლო ხელისუფლებაზე, მაგრამ ტაქტიკა ხშირად იცვლება. 2013 წელს შეეცადნენ სასამართლო ხელისუფლების შიგნით, მოსამართლეთა კორპუსში შეექმნათ მოსამართლეების გარკვეული ჯგუფი, რომელთა მეშვეობითაც დანარჩენ ჯგუფში შემავალ მოსამართლეებს განდევნიდნენ. იქ ჩემი კოლეგების უდიდესი ნაწილი ცვლილებების განხორციელების ბუნებრივი სურვილით გაერთიანდა. შეცდომაში იყვნენ შეყვანილი და ეს შემდგომმა პროცესებმა დაადასტურა, როდესაც მათ გააცნობიერეს დამფუძნებელთა და ინსპირატორთა, გარე ძალების განზრახვა, დატოვეს ასოციაციის რიგები და საბოლოოდ ეს ასოციაცია დაიშალა. 2013 წლიდან ლევან მურუსიძე იყო იუსტიციის საბჭოს მდივანი. ეს ჯგუფი იყო მკვეთრად დაპირისპირებული საბჭოს მაშინდელ შემადგენლობასთან. მიუხედავად ამისა, საბჭოს იმ შემადგენლობის მიდგომა იყო ასეთი: ჩვენ არ გვსურს განხეთქილება, ჩვენ მოწოდებული ვართ სასამართლო კორპუსის ერთიანობისკენ. ამიტომ იმ ასოციაციის მოსამართლეების უდიდესი ნაწილი თანამდებობაზე უვადოდ გადაინიშნა. ერთ-ერთი მოსამართლე იმ ასოციაციიდან არის უზენაეს სასამართლოშიც. ახლა რომ ნახეს ამ გარე ძალებმა, რომლებსაც რეალურად სურთ სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის მოპოვება, ახლა შეცვალეს ტაქტიკა. არის მოსამართლეების გარკვეული ჯგუფი, რომელიც გარკვეულწილად აფილირებულია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. ჩვენი ტაქტიკა და სტრატეგია არ შეცვლილა, ჩვენ ისევ მოწოდებული ვართ სასამართლო ხელისუფლების ერთიანობისკენ და მშვიდობისკენ“,- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner