საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ლენტეხში გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.
ლენტეხის მოსახლეობას სიტყვით მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მინისტრი ადგილობრივებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრა.
„მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა და მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ მე, ნამდვილად, არ ჩამოვსულვარ აქ იმისათვის, რათა თავი მოგაწონოთ, თუ რამდენი რამის გაკეთება შევძელი- ეს მთლიანად მთავრობის დამსახურებაა. სამწუხაროდ, მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც გადაუდებელ შემთხვევაში ექიმთან მისულიყო. ეს არის თითოეული თქვენგანის უფლება და ეს არის ის, რაც გეკუთვნით. ერთადერთი, რაც შევძელით, იმის ნაწილი დაგიბრუნეთ, მე მგონი, საკმაოდ დიდი ნაწილი, რაც გეკუთვნოდათ და არა ის, რომ დაგამადლოთ, აი რამდენი რამ გავაკეთეთ. იგივე ეს საავადმყოფო, რომელიც რამდენიმე კვირაში ამუშავდება. იგივე სასწრაფო დახმარების განახლებული სადგური. მე კარგად მესმის, დამერწმუნეთ, დეტალურად ვიცი, ის დამატებითი საჭიროებები, რაც დარჩება რაიონს მას შემდეგ, რაც ძალიან მალე ეს საავადმყოფო გაიხსნება. იგივე შეეხება სასწრაფოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა სოციალური დახმარებების შესახებ.
„ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რაც არის, ესაა სოციალური დახმარებები. ჩვენ ძალიან ვეცადეთ და ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური შემადგენელი მთლიანად ამოვაცალეთ ამას, როდესაც არჩევნების წინ ხდებოდა ხოლმე ათეულობით ათასი ადამიანისათვის დახმარების დანიშვნა. მესმის, რომ თითოეული ადამიანისთვის, თითოეული ოჯახისთვის დანიშნული ან განსაკუთრებით მოხსნილი სოციალური დახმარება რამდენად მტკივნეულია, მაგრამ თვალებში გიყურებთ და პირობას გაძლევთ, რომ ეს არის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკა, შეიძლება ითქვას ღირსების საკითხიც, რომ სოციალური დახმარების იმედზე კი არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი და ოჯახი, არამედ, მას ჰქონდეს ღირსეული სამუშაოს შესაძლებლობა, რომ თვითონ, ღირსეულად შეინახოს თავისი ოჯახი. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ოჯახებს, ვისაც სჭირდება დახმარება, აუცილებლად დავეხმარებით", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.