logo_geo
eng_logo
WP: რუსული „ეფესბე“ მოლდოვაში ხელისუფლების დამხობაზე მუშაობს
- +

29 ოქტომბერი. 2022. 01:33

 

 

რუსული „ეფესბე“ მოლდოვის პროდასავლური მთავრობის დამხობისთვის მილიონობით დოლარს ხარჯავს, - ამის შესახებ The Washington Post უკრაინის დაზვერვისა და მოლდოვის, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირების მიერ მოპოვებულ საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით იუწყება.

 

გამოცემის მიერ განხილული დოკუმენტების მიხედვით, „ეფესბემ“ პრორუსი მოლდოველი პოლიტიკოსების ქსელის დასაფინანსებლად ათობით მილიონი დოლარი გამოყო. მოსკოვის მიზანი ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლაა.

 

კრემლის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პოლიტიკოსია ილან შორი, ცნობილი მოლდოველი ბიზნესმენი, ბანკის, მაღაზიების ქსელის, კიშინიოვის აეროპორტის და სხვა აქტივების მფლობელი. 2015 წელს ის გახდა მოლდოვის ქალაქ ორჰეის მერი, მაგრამ ორი წლის შემდეგ იგი დამნაშავედ ცნეს მოლდოვის საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვაში. 2019 წელს ის ისრაელში გაემგზავრა, საიდანაც განაგრძო თავისი პარტიის ხელმძღვანელობა, რომელმაც 2021 წელს საპარლამენტო არჩევნებში მე-3 ადგილი დაიკავა.

 

მიუხედავად იმისა, რომ თავად შორმა უარყო, რომ მას ოდესმე მიუღია მხარდაჭერა მოსკოვისგან, მათ შორის სპეცსამსახურების მხრიდან, და აცხადებდა, რომ მისი პოლიტიკური ძალა არის „აბსოლუტურად დამოუკიდებელი პარტია, რომელიც იცავს მხოლოდ მოლდოვის მოქალაქეების პოზიციას“, გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტები ადასტურებენ, რომ პარტიის ფუნქციონირებას რუსები მეთვალყურეობენ.

 

უკრაინული დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, კრემლის დაქირავებული პოლიტტექნოლოგები რუსეთიდან 2021 წლის მარტში ჩავიდნენ კიშინიოვში, რათა ფარულად ემუშავათ შორის პარტიასთან. „ეფესებს“ გეგმების მიხედვით, შორის პარტია უნდა ყოფილიყო პოზიციონირებული, როგორც პარტია, რომელიც „ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის“.

 

გასულ თვეში კიშინიოვში ათასობით ადამიანმა პროდასავლური პრეზიდენტის მაია სანდუს გადადგომა მოითხოვა. აქციის უკან შორის პოლიტიკური ძალა იდგა. მოლდოვის სამართალდამცველებმა 24 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბიზნესმენის პარტიის წევრებიც. მაშინ პარტიამ განაცხადა, რომ დაკავებები იყო ხელისუფლების „ზეწოლა“, რათა ანტისამთავრობო პროტესტი ჩაშლილიყო.

 

26 ოქტომბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ილან შორს სანქციები დაუწესა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორი კოორდინაციას უწევდა სხვა ოლიგარქების წარმომადგენლებს მოლდოვაში პოლიტიკური არეულობის შესაქმნელად და მას ჰქონდა რუსეთის მხარდაჭერა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივნისში შორი თანამშრომლობდა მოსკოვში დაფუძნებულ სტრუქტურებთან, რათა მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით განაცხადი არ შეეტანა. თავად შორმა სანქციების დაწესების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტ სანდუს „ნამდვილად შეეშინდა საპროტესტო აქციების და ესმის, რომ მისი დღეები დათვლილია“.

 

WP-ის ცნობით, მოლდოველი და აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ კრემლის მცდელობები მოლდოვაში ხელისუფლების დამხობისკენ გაძლიერდება, თუ რუსეთი უკრაინაში ახალ ზარალს განიცდის. რუსეთი მოლდოვის მთავრობის დასამხობად, სავარაუდოდ, ენერგეტიკულ კრიზისს გამოიყენებს.

 

„გაზპრომმა“ ამ თვეში მოლდოვას გაზის მიწოდება 30%-ით შეუმცირა და ნოემბერში შემდგომი შემცირებით იმუქრება. გარდა ამისა, წელს მოლდოვაში გაზის ფასი 5-ჯერ გაიზარდა.

 

ასევე სერიოზული რისკები არსებობს ქვეყნის ელექტრომომარაგების სისტემისთვის. უკრაინა მოლდოვას ელექტროენერგიის 30%-ს აწვდიდა, მაგრამ უკრაინული ელექტროსადგურების დაბომბვის გამო, მოლდოვას პრობლემები შეექმნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner