ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა საჭადრაკო კლუბს „ნონა“ რეაბილიტაცია უტარდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კლუბის სრული რეკონსტრუქცია და ახალი ინვენტარით აღჭურვა.
ვეტერანებისთვის განკუთვნილი გარე მოსასვენებელი სივრცე აღიჭურვება თანამედროვე გადახურვის სისტემით, რომელიც მზისგან დამცავ ქოლგებს ჩაანაცვლებს.
საჭადრაკო სივრცეში მთლიანად განახლდება ინტერიერი, მოეწყობა ახალი სველი წერტილი, შეიცვლება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, განხორციელდება შიდა და გარე ფასადის სამღებრო სამუშაოები, 130მ2 ფართობის იატაკი მოპირკეთება კერამოგრანიტის ფილებით. განახლდება განათების, გათბობა/გაგრილების და სავენტილაციო სისტემა.
მიმდინარე სამუშაოები ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მიქალაძემ დაათვალიერა. ლაშა მიქელაძემ, ხაზი გაუსვა ბულვარის ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულობას.
„მოხარული ვარ, რომ დასრულების ეტაპზეა ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი გამორჩეული და კოლორიტული ადგილის - ვეტერანთა კლუბის სარეაბილიტაციო სამუშაოები. განახლებული სივრცე გააუმჯობესებს პირობებს ვეტერანი წევრებისთვის, რომლებიც სულ უფრო ხშირად სტუმრობენ ბულვარს. შეიქმნება კიდევ უფრო კარგი პირობები ვეტერანთა ტურნირებისა და სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად. ასევე, ბულვარის ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით გვაქვს არაერთი პროექტი, მათ შორის სტადიონების და ტრენაჟორების სივრცეების რეაბილიტაცია და ახალი სკეიტ პარკის მშენებლობა, რომლის პროექტირებაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა ლაშა მიქელაძემ.