logo_geo
eng_logo
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების ჰააგის კონვენციას კანონპროექტებთან ერთად დაუჭირა მხარი
- +

31 ოქტომბერი. 2022. 22:59

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენცია ასევე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები განიხილეს.

 

მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განმარტებით, კონვენციის სავალდებულოდ აღიარება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული  ვალდებულებაა. მისივე თქმით, კონვენციის მოქმედების სფერო საერთაშორისო დავებში კომერციულ ან სამოქალაქო საქმეებზე დადებულ სასამართლოთა არჩევის ექსკლუზიურ შეთანხმებას არეგულირებს. საქართველოს მიერ კონვენციის სავალდებულოდ აღიარება, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს და დამატებებს გამოიწვევს.

 

კონვენციის თანახმად, მხარეთა მიერ არჩეულ სასამართლოს ენიჭება ექსკლუზიური კომპეტენცია, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ არჩეულ სასამართლოს აქვს უფლება განიხილოს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა.

 

კომიტეტმა დღესვე მოისმინა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში. მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ნიკო თათულაშვილის განმარტებით, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ისეთ ძირითად მიმართულებებზე, როგორიცაა საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ცნობიერების ამაღლება; ჯანმრთელობის დაცვის უფლება; დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა; სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა; დასაქმების ხელშეწყობის საკითხები; სოციალურ დაცვა, განათლების უფლების ხელმისაწვდომობა და მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში. მომხსენებელმა როგორც სამინისტროების ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ თითოეული მიმართულებით გაწეულ სამუშაოებზე ისაუბრა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner