logo_geo
eng_logo
პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
- +

2 ნოემბერი. 2022. 19:22

 

 

 

პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტის მთავარი კანონპროექტი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 83 ხმით მიიღო.

 

საკანონმდებლო პაკეტი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრებისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შემუშავდა. 

 

საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. 

 

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებები შედის როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ კანონებში, ასევე, მათ თანმდევ კანონებში და ამ ცვლილებების მიზანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება. 

 

მომხსენებლის ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ცვლილებათა პაკეტი აღნიშნული სამსახურების ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით. 

 

„სამუშაო ჯგუფის საქმიანობა იყო ფართო წარმომადგენლობითი და გამჭვირვალე. შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ცვლილებები ნამდვილად მოიტანს ორივე სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებას, ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, დავეხმარებით ორივე სამსახურს, რომ მათ თავიანთი საქმიანობა ინსტიტუციურად კიდევ უფრო გააძლიერონ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ცვლილება მთლიანობაში შედის ექვს კანონში: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, შეკრებებისა და მანიფესტაციების და საჯარო სამსახურის კანონებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და პარლამენტის რეგლამენტში. 

 

ცვლილებებით წესრიგდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებული საკითხი.

 

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს. 

 

მნიშვნელოვანი ცვლილება შედის პარლამენტის რეგლამენტში - ორივე სამსახურის ხელმძღვანელი პირების საქართველოს პარლამენტთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია მკაფიოდ გაწერილი ნორმა, რომელიც პარლამენტის კომიტეტის მიერ სამსახურების უფროსების მოსმენის წესის მკაფიოდ განსაზღვრას უზრუნველყოფს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner