logo_geo
eng_logo
„ბოლო 15 თვის განმავლობაში ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ გვქონია“ - გიორგი ცუცქირიძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის ინფლაციის დონეზე
- +

3 ნოემბერი. 2022. 13:39

 

 

„საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოქტომბრის ინფლაციის დონე გვიჩვენებს, რომ მაისიდან მოყოლებული ინფლაცია კლების ტენდენციებს ინარჩუნებს, ხოლო 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა, სექტემბრის თვესთან (11.5%) შედარებით ინფლაციის წლიური დონე შემცირდა რა 0.9 პ.პ-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 3.3 პ.პ. არის შემცირებული და ბოლო 15 თვის განმავლობაში ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ გვქონია“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის ინფლაციის დონეს ეხმაურება.

 

ექსპერტის შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ ოქტომბრის წლიურ ინფლაციაში შემცირდა ტრანსპორტისა და სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი, რომლის ხვედრითი წილიც მთლიან ინფლაციაში ყველზე მაღალ 5.2 %-ს შეადგენს.

 

„წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ინფლაციის დინამიკა გვიჩვენებს, რომ პიკური პერიოდი უკვე გავლილია. ყოველთვიური ინფლაციის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა მარტში - 2.5 %, ხოლო წლიური ინფლაციის პიკური პერიოდი წლის დასაწყისში იყო, როდესაც იანვარ-თებერვალში ინფლაციის დონემ 13.9 % შეადგინა.

 

ინფლაციის ჯერ კიდევ მაღალი დონე, ძირითადად დაკავშირებულია ეგზოგენურ ფაქტორებთან, ოქტომბერში ევროზონაში ინფლაციის რეკორდული, ორნიშნა მაჩვენებელი - 10.7% დაფიქსირდა, მათ შორის სურსათზე ფასების ზრდა 13.1%-ს, ხოლო ენერგოპროდუქტებზე 41.9%-ს გაუტოლდა.

 

საქართველოში ინფლაცია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებიდან არსებული მაღალი ინფლაციის გამო, ინფლაციის იმპორტით არის განპირობებული. თვალსაჩინოებისათვის, 2022 წლის სექტემბერში თურქეთში ინფლაცია 83.5% იყო, რუსეთში 13.7%, უკრაინაში 24.6%, სომხეთში 9.9%, აზერბაიჯანში 13.4%, ბელარუსში 17.4%, მოლდოვაში - 34.0%, ესტონეთში - 23.7%, ლიეტუვაში - 24.1%, რუმინეთში - 15.9%, ყაზახეთში - 17.7%, ყირგიზეთში - 15.5%.

 

გლობალურ ბაზრებზე ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, ორმაგი ნეგატიური სინერგიის ეფექტითაც აიხსნება. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სანქციების და მიწოდების ჯაჭვების რღვევის ფონზე გაიზარდა ნავთობის და სასურსათო პროდუქტების ფასები, რაც ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზეც აისახა ნეგატიურად.

 

ამავე დროს, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან გაზრდილმა ხანგრძლივვადიანმა ვიზიტებმა ადგილობრივ ბაზარზე ბინის ქირა მკვეთრად გაზარდა, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ინფლაციაზე.

 

მართალია, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების დასტაბილურების ტენდენცია სახეზეა, თუმცა, გაურკვევლობა მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება და მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე.

 

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში საბაზო ინფლაციამ ანუ ინფლაციამ სამომხმარებლო კალათიდან სურსათის და უალკოჰოლო სასმელების, ენერგომატარებლების, ასევე, ტრანსპორტზე ადმინისტრირებადი ტარიფების გამოკლებით 7.3 პროცენტი შეადგინა.

 

მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია კლების ტენდენციის მიუხედავად, წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება, რასაც ეროვნული ბანკის საშუალოვადიანი პროგნოზიც ადასტურებს.

 

ინფლაციის შემცირება პოზიტიურად აისახება ეკონომიკის ზრდაზე. სავალუტო კურსის სტაბილიზაციასთან და სწორ ფისკალურ პოლიტიკასთან ერთად, რაც საგარეო ვალის და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაშია ასახული, იგი, ასევე, განპირობებულია ეროვნული ბანკის მოქნილი მონეტარული პოლიტიკით“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner