logo_geo
eng_logo
„ბოლო 12 თვის ფასების მატების საშუალო მაჩვენებელი 2022 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“ - იოსებ არჩვაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე
- +

3 ნოემბერი. 2022. 14:40

 

 

„საქართველოს ეკონომიკის მდგრადი და დინამიკური განვითარება ინფლაციასთან პარალელური ბრძოლის რეჟიმში ხორციელდება და ამ ბრძოლაში პოზიტიური ნიშნები უკვე გამოიკვეთა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში წინა, 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, ინფლაცია კვლავაც ორნიშნაა (+10.6%), მისი დონე ბოლო 15 თვის მანძილზე ყველაზე დაბალია. ამის გარდა, ბოლო 12 თვის ფასების მატების საშუალო მაჩვენებელი ასევე, 2022 წლის აპრილის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ოქტომბრის ინფლაციის დონესთან დაკავშირებით.

 

„ინფლაცია საქართველოში ძირითადად ეგზოგენური, გარე ფაქტორებითაა განპირობებული. მხოლოდ ნავთობპროდუქტების იმპორტის ღირებულებამ მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში დაახლოებით 0.5 მილიარდი დოლარით გადააჭარბა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, საიდანაც მხოლოდ 20 პროცენტამდე მოდიოდა საქართველოს ეკონომიკისა და სამომხმარებლო ბაზრის გაზრდილ მოთხოვნილებებზე, დანარჩენი კი გლობალურ ბაზრებზე ნავთობის გაძვირებით იყო განპირობებული.

 

საქართველო მაღალდამოკიდებულია ენერგეტიკულ და სასურსათო მსოფლიო ბაზრებზე, სადაც ბოლო პერიოდში შეინიშნება ფასების ერთგვარი სტაბილიზაცია, თუმცა გლობალურ პროცესებში მომეტებული რისკები და დაძაბულობები ხელს უშლიან ამ მიმართულებით მყარი ტენდენციის ჩამოყალიბებას.

 

ინფლაციის ზრდის რისკფაქტორის მატარებელია აგრეთვე რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში ამ ქვეყნებიდან გადმოსულ მიგრანტთა საგრძნობი ტალღა და ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი დამატებითი მოთხოვნის წარმოშობა. ამასთან, იმ ქვეყნებში, რომლებზეც მოდის საქართველოს მთელი იმპორტის 4/5 (ევროკავშირი, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის ფედერაცია და ა.შ.), ორნიშნა და იმავდროულად, საქართველოზე მაღალი ინფლაციაა“, - ამბობს ექსპერტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner