საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ჟანგ ნიანშანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა ჟანგ ნიანშანს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში აზიის განვითარების ბანკის მრავალწლიანი და მნიშვნელოვანი მონაწილეობისთვის. მინისტრმა სტუმრებს გაუზიარა ინფორმაცია მიმდინარე პროექტების პროგრესზე. მათ შორის, ისაუბრა რიკოთის მაგისტრალური გზის, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბისა და მისასვლელი გზის, სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემებისა და საბავშვო ბაღების, ქუთაისის ოლიმპიური აუზისა და რუსთავის სპორტული კომპლექსის მშენებლობის, ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლების და სხვა პროექტების მიმდინარეობაზე.
ჟანგ ნიანშანმა ხაზგასმით აღნიშნა და დადებითად შეაფასა პროექტების შესრულების შედეგები, მათი მიმდინარეობის პროგრესი და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა გამოთქვა.
აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, 2 მილიარდამდე ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. პროექტები მოიცავს, როგორც ურბანული განახლების, ისე საავტომობილო მაგისტრალური გზების, წყალმომარაგების სისტემების, სპორტული კომპლექსების და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას.