რუსეთი საკუთარ პარაოლიმპიადას გამართავს იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც რიო-დე-ჟანეიროს პარაოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვეს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით ჯილდოები ოლიმპიურის მსგავსი იქნება. ეს განცხადება პუტინმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადიდან დაბრუნებული სპორტსმენების დაჯილდოების შემდეგ გააკეთა.„ჩვენი სპორტსმენების დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება არის ამორალური და არაადამიანური", - განაცხადა პუტინმა.
პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ნაკრების არდაშვების შესახებ აგვისტოს შუა რიცხვებში საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ფილიპ კრეივენმა განაცხადა.
ამის მიზეზად რუსულ სპორტში „კორუმპირებული ანტიდოპინგური სისტემა დასახელდა". პარაოლიმპიურ თამაშებში შშმ პირები მონაწილეობენ. ის ოთხ წელიწადში ერთხელ იმავე ადგილას ტარდება, სადაც მანამდე ოლიმპიადა გაიმართა. წელს პარაოლიმპიური თამაშები 7-დან 18 სექტემბრამდე რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდება.