logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: რეალურად, სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოს ობიექტურობა და საქართველოში კანონის უზენაესობის არსებობა დაადასტურა
- +

4 ნოემბერი. 2022. 14:20

 

 

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. მომჩივნის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჩემთვის გაუგებარია მამალაძის მომხრეების აღტაცება და ზეიმი, სტრასბურგის გადაწყვეტილებას ადვოკატი ისტორიულს უწოდებს, ხოლო მამალაძის ძმა გამარჯვებას ზეიმობს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

„რეალურად, სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოს ობიექტურობა და საქართველოში კანონის უზენაესობის არსებობა დაადასტურა. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის განაჩენი ეფუძნება საქმეში არსებულ არაერთ სხვა მტკიცებულებას, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, აუდიო და ვიდეომასალა, კომპიუტერული მონაცემები და სხვა.

 

რაც შეეხება მომჩივნის სხვა მოთხოვნებს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ წარმოებული საქმის სხდომების სრულად დახურვა არ იყო მკაცრად აუცილებელი. ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია მომჩივნის წინააღმდეგ ცალკეული საჯარო განცხადებების გაკეთება და პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიმართ გამოყენებულ იქნა ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება.

 

სტრასბურგის გადაწყვეტილების მეორე ნაწილი, რომელსაც მამალაძის გუნდი გამარჯვებად აფასებს, რეალურად სხვა არაფერია, თუ არა სპეკულაცია, რადგან სტრასბურგის გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები საქმეში არსებულ მცირე სახის ხარვეზს წარმოადგენს, რომელსაც გამოტანილ განაჩენზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. აღნიშნული ქმედება არ ყოფილა წინასწარ განსაზღვრული ან სამსახურებრივი გადაცდომა, არამედ ეს იყო მცირე ხარვეზი რომელსაც საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო.

 

არასამთავრობო სექტორი ისეთ დონემდე დაეცა, რომ თავს სტრასბურგის სასამართლოზე ობიექტურად წარმოაჩენენ. როგორ თამთა მიქელაძე წერს, „ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა და კონვენციის დარღვევა არ დაადგინა ამ ნაწილში“. ხვდებით როგორი კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ თავს? სააკაშვილის სასამართლოს მოყვარულნი, სტრასბურგის სასამართლოს კომპეტენციას უწუნებენ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner