logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი ნიკა გვარამიას საქმეზე: მე როგორ უნდა შევაფასო, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა, სასამართლოს გადაწყვეტილება
- +

4 ნოემბერი. 2022. 14:40

 

 

„ცოტა რთულია ამ კითხვაზე პასუხი იმიტომ, რომ მე როგორ უნდა შევაფასო, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა, სასამართლოს გადაწყვეტილება არის თუ არა უკან გადადგმული ნაბიჯი, როდესაც სასამართლო გამიჯნულია. ამ კითხვას ორ ნაწილად გავყოფ. პირველი -  ნიკას ნაწილს არ შევეხები და თუ მხარეს არგუმენტები აქვს და ნამდვილად არ ვიცი სისხლის სამართლის საქმის დეტალები  და ვინაიდან ჩემი პროფესია არის იურისტი, სისხლის სამართლის სპეციალისტი, ვერ შევალ უბრალოდ განცხადებებით, შეფასებებით, იმიტომ, რომ უფრო კარგად მესმის ამ შემთხვევაში რამდენად დიდი როლი ენიჭება თითოეულ სიტყვას და მით უმეტეს როდესაც საქმის მასალები დეტალურად არ იცი, ვერ შეაფასებ, თუმცა ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გვაქვს სახეზე. შესაბამისად არ მგონია, რომ არგუმენტაციის გარეშე ყოფილიყო განაჩენი გამოტანილი, მაგრამ ამავდროულად, დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა, კიდევ იბრძოლოს და იმ შემთხვევაში თუ მიაჩნია, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი არის უკანონოდ დაპატიმრებული, ამ არგუმენტებით შეუძლიათ წარდგენა, ასევე, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ზოგადად, მოსამართლეების თაობაზე გამოთქმული კრიტიკული პოზიციის შეფასებისას განაცხადა.

 

უმრავლესობის წევრისთვის მიუღებელია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი თავს უფლებას აძლევს და ქართველ მოსამართლესთან დაკავშირებით, რომელმაც თუნდაც ისეთი განაჩენი გამოიტანა, რომელიც შეიძლება არ იყოს დასაბუთებული ბოლომდე, პირადად იღებს გადაწყვეტილებას მის მიმართ რაღაც ნაწილის სანქციების გამოყენების, პირდაპირ თუ ირიბად.

 

კახა კახიშვილის თქმით, რომელიმე მოსამართლე კარგია თუ არა, ეს საქართველოს მოსახლეობის შესაფასებელია და არა აშშ-ის ან სხვა ქვეყნების ელჩების.

 

„რაც შეეხება მეორე ნაწილს, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლის მიმართ როგორ მოიქცნენო, არ გაუშვეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრენინგზეო, იმიტომ რომ გამოიტანა განაჩენიო. თქვენ ახლა ამას, როგორც საქართველოს მოქალაქე, სწორად აღიქვამთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი თავს უფლებას აძლევს და ჩვენს მოსამართლეს, რომელმაც განაჩენი გამოიტანა ისეთი, თუნდაც რომელიც შეიძლება არ იყოს დასაბუთებული ბოლომდე, მაგის გამო პირადად იღებს გადაწყვეტილებას მის მიმართ რაღაცა ნაწილის სანქციების გამოყენების, პირდაპირ თუ ირიბად. მე ამას ნორმალურად ვერ შევაფასებ, თუ ვუყურებთ ჩვენ დემოკრატიული ქვეყნის პოზიციიდან, სუვერენული ქვეყნის პოზიციიდან. თუ საქმის განმხილველ მოსამართლეს აკლდა არგუმენტაცია განაჩენის გამოქვეყნებისას, ამას უნდა მოყვეს, ასევე, წმინდა სამართლებრივი შეფასება ზემდგომი სასამართლოს მხრიდან, ან საბჭოს მხრიდან, რაც არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული.

 

კანონით გაწერილია და არ უნდა მისცე თავს იმაზე მეტი უფლება, ვიდრე შენ გაკისრია როგორც ელჩს დამოუკიდებელ ქვეყანაში. ეს არ არის სწორი. თავის დროზე ის სასამართლო რეფორმა, რომელსაც ჩვენ მაშინ 2013 წელს ვაკრიტიკებდით, ეს იყო ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან მოთხოვნა, რომ არცერთი მოსამართლე სამსახურიდან არ უნდა წავიდეს, მიუხედავად იმისა, რა სიმძიმის განაჩენები დააყენეს მათ წინა წლებში. ეს იყო პირდაპირი მოთხოვნა და თქვეს, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ“,  - განაცხადა კახიშვილმა.

 

უმრავლესობის წევრის თქმით, სწორედ აშშ-ის საელჩოს რეკომენდაცია იყო წლების წინ, რომ არავითარ შემთხვევაში არცერთი მოსამართლის მიმართ არ უნდა დადგეს  პასუხისმგებლობის საკითხი წარსული გადაწყვეტილების გამო და ყველაფერი უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან:

 

„არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არიან ავტორები იმ გადაწყვეტილებების, ჩემი აზრით, არასწორი გადაწყვეტილებების, როდესაც არ გამოაძიებინეს ფარული თვალთვალის მასალები ხელისუფლებას, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ხელისუფლებას გაენადგურებინა სხვადასხვა პირადი ფაილები ისე, რომ გამოძიებაც არ დაწყებულიყო და ისე, რომ ვერ გაერკვიათ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ზუსტად ეს საელჩო იყო მაშინ, რა თქმა უნდა, ამ ელჩის წარმოდგენით არა, მაგრამ მათი რეკომენდაცია იყო, რომ არავითარ შემთხვევაში არცერთი მოსამართლის მიმართ არ უნდა დადგეს წარსული გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობის საკითხი და ყველაფერი უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან.

 

სხვათა შორის, ამავე საელჩოს შეფასებები იყო წლიდან წლამდე პირველი მეორე ტალღის რეფორმასთან დაკავშირებით დადებითი, ბოლოში წავიდა კრიტიკა, თორემ პირველ მეორე ტალღას ძალიან კარგად აფასებდნენ. მათ შორის ამ მოსამართლეების მონაწილეობით. მაგრამ სულ რომ არ იყვნენ ეს მოსამართლეები კარგი მოსამართლეები, ეს არის შესაფასებელი საქართველოს ხალხის და არა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რუსეთის ელჩის, ლატვიის თუ ლიეტუვის ელჩის. იმიტომ, რომ ჩვენ გავწერეთ ის ინსტიტუციები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კანონის უზენაესობაზე და აღსრულებაზე. შესაბამისად თუ ხარვეზია, შენ შეგიძლია ხარვეზზე მიუთითო, რომ იცით რა, მოდით აქ ხარვეზია და კიდევ ვიმუშაოთ, ჩვენ დაგეხმარებით, აი, ასე კონსტრუქციულად მივუდგეთ და არა ისე, რომ აი, ახლა თქვენ ამას რომ გააკეთებთ... ასეთი განცხადებები არ არის სწორი. ამ განცხადებებს დღეს იცით რატომ აკეთებენ? იმიტომ რომ თავის დროზე ამის უფლება ჩვენ მივეცით. არცერთ ქვეყანაში არ აკეთებენ ასეთ განცხადებებს“, - განმარტა კახა კახიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner