logo_geo
eng_logo
რა სურს ამერიკას?! (წერილი მეოთხე)
- +

4 ნოემბერი. 2022. 22:19

 

 

„ჩვენი ნაძირლების“ ხელისუფლებაში მობრუნებისა და საქართველოს მოსახლეობის „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენების პროექტი რომ ჩავარდა (ამ ეტაპზე მაინც), მოქმედებაში მოვიდა ახალი, ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის გეგმა.

 

ქართველი ხალხი და მისგან მხარდაჭერილი ხელისუფლება კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. „სტრატეგიულ პარტნიორებს“, თუ პოზიციის შეცვლას არ აპირებენ, ბუნებრივია, რაღაც სხვა აქვთ მოსაფიქრებელი... ეტყობა, ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ „უფროსი ძმების“ მხრიდან ერთგვარი „გამოუცხადებელი პაუზის“ რეჟიმში ვიმყოფებით - ასეთი ფიქრები ამეკვიატა ბოლო რამდენიმე დღეა და დაძაბული ველოდებოდი გაგრძელებას.

 

შევცდი, ჩემო კარგო ქართულო საზოგადოებავ, არაფრის შეცვლასაც არ აპირებენ... აღმოჩნდა, რომ ბოროტების თესვის მინიმუმ თხუთმეტწლიანი უწყვეტი სტაჟის მქონე ცნობილი კრიმინალის, ნიკა გვარამიას განაჩენს უდარაჯებდნენ გაფაციცებით. როგორც ჩანს, მაინც ჰქონდათ იმედი, რომ მათი მოთხოვნები, მათი მხარდაჭერა ამ უზრდელი კაცის მიმართ სასამართლოზე გავლენას იქონიებდა.

 

სხვა მხრივაც, სასამართლოს თემა იმდენად „წმინდაა“ ჩვენი „კლასის დამრიგებლებისთვის“, რომ... (ვგულისხმობ ხელისუფლების ერთ-ერთ შტოზე, სასამართლოზე, ნაცაგენტურის ჩანერგვის გზით, გავლენების მოპოვების დაუოკებელ სურვილს). (აღნიშნულ პრობლემაზე არაერთხელ მისაუბრია).

 

გვარამიას მიმართ გამოტანილმა განაჩენმა ერთბაშად გამოაცოცხლა მინორში ჩაძირული ნაცმავნებელთა ყველა ჭეშმარიტი მეგობარი, ანუ საქართველოს ყველა არამეგობარი, ჯიმ რიშებით დაწყებული და იუკნევიჩიანე-ფოტიგებით დამთავრებული. ამ ოდიოზური კონგლომერატის „მეგობრული ვალი“ ხომ საქართველოს ხელისუფლების დასუსტებაა, რასაც შედეგად ჩვენი ქვეყნის წარსულში დაბრუნება უნდა მოჰყვეს და... იხარე ჭერო...

 

(ახალი და მოულოდნელი ამ „შეშფოთებებში“ არაფერია. ასე იყო „რუსთავი-2“-ის საქმეზეც - „მედიას ატერორებენ...“, „განსხვავებულ აზრს ებრძვიან...“ - გახსოვთ მაშინდელი ალიაქოთი. მაგრამ სიმართლეს (ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები...) და სამართლიანობას დიდი ძალა აქვს - ევროსასამართლომ ყველას და ყველაფერს მიუჩინა თავისი ადგილი).

 

გაგიკვირდებათ და... ოფიცერი დეგნანი ამ დახვეწილ უტიფართა სიმრავლეშიც ყველაზე გამორჩეული იყო. საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით მთლიანად დავეყრდნობოდი მმართველი პარტიის ლიდერის მიერ დასმულ პოლიტიკურ დიაგნოზს: „ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში. ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა.“ ერთ ნიუანსს დავამატებდი - სტრიქონებს შორის აშკარად იკითხება, განცხადების ავტორი „ურჩობისთვის“ რა სიამოვნებით დაგვამტვრევდა ძვლებში, ამის უფება რომ ჰქონოდა (რა ვქნა და ისევ ბორის პასტუხოვი მახსენდება). 

 

ნული დიპლომატია - ნულოვანი პოლიტიკური კვალიფიკაცია, ნულოვანი მანევრირების უნარი... ასეთი ელჩები, უბრალოდ, არ არსებობენ. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამ ღვთისგან შექმნილი მრავალფეროვანი სამყაროს სუბიექტად არ გვაღიარებენ. ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირსება, თავმოყვარეობა, ამბიციები და პრეტენზიები მათში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს - როგორ გავბედეთ და მოვითხოვეთ, პატივისცემით მოეპყრან საქართველოს ხალხის მიერ გამოვლენილ ნებას(!).

 

ღიად და პირდაპირ ვთქვათ - ძლიერი, წელში გამართული საქართველო, სამწუხაროდ, არასდროს ყოფილა ამერიკული პოლიტიკის მესვეურთა ინტერესი. ასეთია იმპერიებისა და ზესახელმწიფოების ბუნება. მყარად ფეხზე დგომა მეტ დამოუკიდებლობას ნიშნავს, ძლიერთა ამა ქვეყნისათა კი ამ არეალში მხოლოდ „სტრატეგიული დანიშნულების პუნქტის“ ქონა ესაჭიროებათ.   

 

ჩემი წერილების მიზანი იმ მიზეზების ძიებაა, თუ რა განაპირობებს „პარტნიორების“ ასეთ საქციელს, რას ემსახურება ეს შიშველ ძალაზე დამყარებული „მეგობრობა“ - რა სურს ამერიკას?

 

ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან... ცეკას მეორე მდივნის ინსტიტუტის (სამწუხაროდ, ასეთად გვევლინება ამერიკის საელჩოც) „სიკეთეები“ საკმარისად გვაქვს ნაგემი;  „სუსლოვშჩინიდან“ (რომელი დეგნანი და ჯენკინსი შეედრება) მიღებული გამოცდილებაც საუკუნეების მანძილზე გაგვყვება; „უფროსი ძმის“ თავში წარმორტყმები რომ ბედნიერებისკენ გვიკვალავს გზას, ეს „შეგონებებიც“ მოსმენილი გვაქვს... რომელი ერთი გავიხსენო?! ამ ყველაფერს დიდი ხნის წინ დავუსვით წერტილი, ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად. შეუსმენელთათვის კიდევ გავიმეორებ - ძვირფასო კეთილის მსურველებო, საქართველო თავისი ნებით არასდროს აღარ იქნება არავის კოლონია(!). 

 

ვიცი, ყურს მოგჭრიდათ სიტყვები - „თავისი ნებით“. დიახ, საფრთხის სახით კვლავაც რჩება ძალის გამოყენების მექანიზმი, ანუ სოხუმსა და ცხინვალში აპრობირებული რუსული გამოცდილების გაზიარება, რასაკვირველია, უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი (კომპლექსური) მეთოდოლოგიის გამოყენებით. ცნობილ რუსულ სტანდარტს - „სილა იესტ, უმა ნე ნადო“ - ენაცვლება დიდი ფული, გავლენები პარტნიორი სახელმწიფოების ხელისუფლებებზე, საერთაშორისო პოლიტიკურ და საფინანსო ინსტიტუტებზე. თავს მოვიტყუებთ, თუ არ ვიტყვით, რომ ქართულ საზოგადოებაში ასეთი საფრთხის მოლოდინი ჯერ კიდევ არსებობს.

 

ჩვენი ძალა სიმართლეშია!!! აქედან მომდინარეობს ამოცანებიც და მოქმედების გზებიც. ვფიქრობ, დადგა დრო, მთელი ძალისხმევა იქით მივმართოთ, რომ ფაქტებსა და მოვლენებს დაერქვას თავისი ნამდვილი სახელები, რათა ბრჭყალებისგან და დამაკნინებელი ეპითეტებისგან სამუდამოდ გავანთავისუფლოთ ჩვენი, ქრისტიანული მენტალობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ჟღერადობის სიტყვები - მეგობარი, პარტნიორი, თანამოაზრე, თანამებრძოლი, მშვიდობა, სამართლიანობა და სხვა მრავალი.

 

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია. ცივილიზაციის კანონზომიერებებიდან გამომდინარე, საბოლოო შედეგს სწორედაც რომ სამართლიანობა განსაზღვრავს. ამისთვის ერთ მრავლისმთქმელ მაგალითს მოვიტანდი, რომლისთვისაც შორს წასვლა არ დამჭირდება (ვფიქრობ, ამის შეხსენება „მეგობრებისთვისაც“ მნიშვნელოვანი უნდა იყოს):

 

ჩვენთვის, ყოფილი საბჭოთა მოქალაქეებისთვის, ელვის პრესლის, მერლინ მონროსა და კენედების პერიოდიდან საოცნებო ამერიკაში, „თანამედროვე დემოკრატიის აკვანში“, სულ რაღაც ორმოცდაათი-სამოცი წლის წინათ, ქალბატონი კელი დეგნანის წინაპრები ქალბატონი ბონი ჯენკინსის წინაპრებს ძაღლზე ნაკლები ხარისხის არსებებად თვლიდნენ და მათი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ ტუალეტის მწმენდავებად თუ ამუშავებდნენ. შემდეგ, დროთა განმავლობაში, მოხდა შეხედულებების გადაფასება, შეცდომებისა და დანაშაულების აღიარება, ანუ იზეიმა სამართლიანობამ და ოდესღაც „მეორეხარისხოვანის“ ბედისთვის განწირული ქალბატონი ჯენკინსი დღეს ქალბატონი დეგნანის ხელმძღვანელია და... ჰოი, საოცრებავ, ორივე ერთად, ტანდემში, შეხმატკბილებულად „ცდილობენ დაგვარწმუნონ“, რომ ჩვენთვისვე იქნება უკეთესი, თუ ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს ისინი მიიღებენ (ამ ადგილას ცხარე ცრემლით ტირილისა და გულიანი სიცილის სმაილებს ჩავსვამდი... ხუთ-ხუთს... არა... ათ-ათს).  

 

ეს ამერიკული ამბავი არცერთი ამ ქალბატონის წინაპრების დასაკნინებლად არ მომიყოლია, უბრალოდ, წარსულის ფაქტების კონსტატაციას ვახდენ ზემოთ მოხმობილი არგუმენტების გასამყარებლად. ამ ისტორიას ქართული და ამერიკული ტრადიციების, ტოლერანტობისა და ჰუმანიზმის სტანდარტების შედარებისთვისაც გამოვიყენებდი:

 

ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს - იმავე პერიოდში, თბილისში მცხოვრებ ერთადერთ ზანგს (მაშინ ეს სიტყვა ლეგიტიმური იყო) დილით მარჯანიშვილის მოედნიდან მუშთაიდის ბაღამდე და საღამოს მუშთაიდის ბაღიდან მარჯანიშვილის მოედნამდე როგორ მიაცილებდა პლეხანოველების და არაპლეხანოველების ათასი მოსიყვარულე თვალი...  

  

 

 

ბიძინა  დვალი

04.11.2022 წ.     

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner