საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კიდევ 12 თეატრისათვის 12 ახალ მიკროავტობუსს შეიძენს.
2022 წლის 28 ოქტომბერს სამინისტრომ 12 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოაცხადა 1 270 152 (მილიონ ორას სამოცდაათი ათას ას ორმოცდათორმეტი) ლარის ღირებულების ტენდერი, რომლის დასრულების თარიღია 2022 წლის 28 ნოემბერი.
კულტურის სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა 2021 წელს დაიწყო, რის შედეგადაც, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ 10 თეატრს უკვე გადაეცა ახალი მიკროავტობუსები. თითოეული მიკროავტობუსი თეატრების სიმბოლოებით გაფორმდა. ეს საჩუქარი მინისტრმა თეა წულუკიანმა თავად გადასცა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს და მათ წარმატებული გასტროლები და შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.
აღსანიშნავია, რომ უკვე მრავალი წელია, საქართველოში მოქმედი თეატრების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ განახლებულა და ისინი საბჭოთა კავშირის დროს შეძენილ ავტომანქანებს (ე.წ. ყუბანს) ფლობენ. მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, თბილისის ორ და რეგიონების რვა თეატრს უკვე გადაეცა უახლესი მიკროავტობუსები, მეორე ტენდერის შედეგად კი თეატრებს კიდევ 12 მიკროავტობუსი გადაეცემა.
ინფორმაციისთვის: კულტურის სამინისტრომ ათი მიკროავტობუსის შესყიდვაზე პირველი ტენდერი 2022 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა, რომელშიც გაიმარჯვა შპს „სენამოტორსმა” და მასთან 2022 წლის 8 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა. მიკროავტობუსების შესყიდვის თანხა 1 061 480 ლარს შეადგენდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ორი ტენდერისთვის სულ 2 331 632 ლარი გამოყო და საბოლოოდ 22 თეატრს 22 ახალი მიკროავტობუსი ექნება.