logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია საერთაშორისო ორგანიზაციის „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ (CNFA) პრეზიდენტ სილვან როის და ვიცეპრეზიდენტ შერილ კოვენს შეხვდა
- +

5 ნოემბერი. 2022. 10:25

 

ოთარ შამუგიამ CNFA-ის პრეზიდენტს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე ისაუბრა. მინისტრმა CNFA-ის ახალ პროგრამაზე „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძლიერი სოფლის პროგრამა“ გაამახვილა ყურადღება, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროგრამა საქართველოს რეგიონებში გაზრდის სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობებს, მხარს დაუჭერს რეგიონულ და ეროვნულ ბაზრებზე კავშირების დამყარებას, უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობას, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას.

ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე ხარისხიანი ხორბლის წარმოების და ქართული ღვინის ამერიკულ ბაზარზე პოპულარიზაციის პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.
სილვან როიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ CNFA მხარს დაუჭერს საქართველოს ღვინის ამერიკის ბაზარზე დივერსიფიკაციის კუთხით. ასევე, კვლავ გაგრძელდება წარმოებაში საერთაშორისო სერტიფიცირების მიმართულებით მხარდაჭერა, ხელი შეეწყობა ქვეყანაში წარმოების შესაძლებლობების ზრდას, ეფექტიანობას და საერთაშორისო სტანდარტების ხარისხს. USAID-ის მხარდაჭერა შესაძლებლობას მისცემს მწარმოებლებსა და გადამმუშავებლებს თანამედროვე წარმოების, გადამუშავების, დასაწყობების და სადისტრიბუციო ტექნიკის საშუალებით, გაზარდონ დამატებითი ღირებულება და დაამყარონ ადგილობრივი და საერთაშორისო საბაზრო კავშირები.

შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის და მსოფლიო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ნამიჩეიშვილი, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ტექნიკური დახმარების ხელმძღვანელი დავით შერვაშიძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner