ავტორი ბიძინა დვალი
ნაცმორწმუნეთა სექტის ახალი წელთაღრიცხვის - „მიშა კვდებას“ - ოთხას მეერთე დღეს „დედა-დედოფალმა“ (ეტყობა, იმ დღეს მისი რიგი იყო) გვაუწყა, რომ „საქართველოს გადამრჩენელ-აღმშენებლის“ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. იმის წინა დღეს, ანუ ახალი წელთაღრიცხვის მეოთხასე დღეს, მარიამ ჯიშკარიანმა გვამცნო ნეტარი მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობის „კიდევ უფრო გაუარესების“ ამბავი. ხოლო კიდევ იმის წინა დღეს, ანუ ახალი წელთაღრიცხვის სამას ოთხმოცდა მეცხრამეტე დღეს, ღრმადნაცმორწმუნე მხევალმა ჩვენმა, მარად ნაღვლიანმა ხატია დეკანოიძემ, ჩვეული სიფრთხილით გაუმხილა საზოგადოებას ეს „გულის შემმკუმშველი“ და „სულის შემძვრელი“ ინფორმაცია და მცირე პაუზის შემდეგ, გაუთამაშებელი მღელვარებით დაამატა - „მის სახელს ვერავინ ამოშანთავს“.
მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ ზემოხსენებული პაუზის დროს „ჩვენი ხატიამ“, ჩურჩულით, ხუთჯერ გაიმეორა - „პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ,..“
სკოლაში ფიზიკის მასწავლებელი მყავდა, „კაი ტიპი“ (ბავშვები ასე ვახასიათებდით და ასეც ვეძახდით, ზურგს უკან). ჩვენამდე მოაღწია ამბავმა, რომ მუდამ კოპებშეკრული სასწავლო ნაწილის გამგე, ამ ჩვენ „კაი ტიპს“, პირში წყალჩაგუბებულ კოლეგებში (საბჭოთა დრო იყო, 60-იანი წლები), ინტრიგანად იხსენიებდა. მხოლოდ სკოლის დამთავრების მეხუთე წლისთავზე გავიგეთ სასწავლო ნაწილის გამგის, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილების მიზეზი.
საიუბილეო საღამოს მიწურულს, ოდნავ შემთვრალმა „კაი ტიპმა“ ასეთი რამ გვიამბო: ერთ გაზაფხულს, მაშინ მეშვიდე-მერვე კლასში იქნებოდით, ერთ-ერთ პარტიულ გაზეთში ამოვიკითხე - „წელს ხვნა-თესვის სამუშაოები დაიწყო ერთი დღით ადრე, ვიდრე შარშან“. რაც დედამიწა არსებობს, ხვნა-თესვა იწყება ადრეულ გაზაფხულზე და ბუნებრივია, ამინდიდან გამომდინარე, ხან ერთი დღით ადრე იქნება ხოლმე და ხანაც ერთი დღით გვიან მეთქი, მაგრამ, ნურას უკაცრავად... ერთი სიტყვით, ყველაფრიდან ჩანდა, რომ ინფორმაცია აშკარად პროპაგანდისტური ხასიათის იყო, ანუ წელს უფრო წინ ვართ, ვიდრე შარშანო... ხომ გესმით, რასაც ვამბობ? - ჩვენ თავი დავუქნიეთ.
თითქოს წერამ ამიტანაო, მეორე დღეს წავედი საჯარო ბიბლიოთეკაში და იმ გამოცემის წინა წლის ნომრებს ჩავუჯექი. არ გამკვირვებია, რომ იმავე შინაარსის მასალას გადავაწყდი - „ერთი დღით ადრე, ვიდრე შარშან...“ არ დავიზარე და „გამოძიებას“ ათი-თხუთმეტი წლის სიღრმეში ჩავყევი - არანაირი განსხვავება, გარდა იმისა, რომ ერთი-ორგან ორი დღით ადრე დაწყებასაც გვაუწყებდნენ.
ჩვენი ბედნიერი სახეების შემხედვარემ, დააყოლა - ხომ მაგარია, არა?! უფრო შორს რომ წავსულიყავი, ხვნა-თესვის ადრე დაწყების დღეების ჯამი იმ აბსურდამდე მიგვიყვანდა, რომ ახალ წელს მინდვრებში გასული ტრაქტორების გუგუნით უნდა შევგებებოდით.
მიმიხვდი ხომ, ჩემო მკითხველო? - ასეთ აბსურდამდეა მისული ამ ღვთისგან გარიყული სააკაშვილის ამბავიც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც აგერ უკვე ოთხას ერთი დღეა სულ უფრო „უარესდება და უარესდება“ და რა თქმა უნდა, შიგადაშიგ „კვდება“ კიდეც.
*
ხუმრობა კარგია, მაგრამ თუ სიფრთხილის თვალით დავაკვირდებით, არც ისე სახუმარო პროცესთან გვაქვს საქმე. მეათე წელი დაიწყება, რაც ამ ორმაგი (რუსულ-ამერიკული) მოხმარების სასარგებლო იდიოტმა დიდი „შემოქმედებითი აღტკინებით“ მოირგო „მაოხრებელი გზირის“ საძრახისი როლი და ზემოხსენებული მომხმარებლებისგან ჰეროსტრატეს კოდით მონიშნული, თავის წილ ზიანს აყენებს ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოს.
ნაცსექტის მრავალათასიანი, გაბოროტებული მრევლის მუდმივი მობილიზაციის რეჟიმში ყოფნაზე გათვლილი „მიშა გვიშველის“ გეგმა, საქართველოში მშვიდობისა და აღმშენებლობის წინააღმდეგ მოქმედი იმ კომპლექსური გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩემს წერილებში არაერთხელ მისაუბრია. ორი ზესახელმწიფოს სპეცსამსახურებში შემუშავებული „ტვინების გამორეცხვის“ პროპაგანდისტური ხერხებით დამუშავებული მასა ამა თუ იმ არეულობის ორგანიზებისთვის საუკეთესო, უცვეთი მასალაა. ხატია დეკანოიძეს ხომ სჯერა? ასეთი ხატია დეკანოიძეები ათი ათასობით გამოიჩეკა ბოლო ათწლეულებში, როგორც ჩრდილოეთის, ისე დასავლური მარკის პოლიტ-ინკუბატორებში...
*
„ჩვენი ხატიას“ ხსენებამ ისევ იმ სამას ოთხმოცდა მეცხრამეტე დღესთან დამაბრუნა. გისოსებიანი პალატიდან გამოსულმა ახალი დროის ამორძალმა, მთრთოლვარე და იმავდროულად რწმენით აღვსილი ხმით „გაგვამხნევა“ – „იგი ყოველთვის იქნება 5 ნომერთან ასოცირებული...“
მე რომ ამათ ადგილას ვიყო, „ხალასტოი“ პატრონების ღირებულების სიტყვების სროლის პარალელურად, ერთ საკანონმდებლო ინიციატივასაც ვაჯახებდი, დაახლოებით ასეთი შინაარსის: „ამოღებულ იქნეს ყველანაირი ხმარებიდან ციფრი „5“ და გადავიდეს მსოფლიო პოლიტიკის აღიარებული მრჩეველ-კოორდინატორის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ერთგული მიმდევრების სამუდამო მფლობელობაში. ინფორმაცია, მოთხოვნის სახით, მიეწოდოს გაეროს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტს.“
რატომაც არა?! ხომ ამოიღო ხმარებიდან „ჩიკაგო ბულზმა“ რიცხვი „23“, „ნაპოლიმ“ – „10“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“, კობი ბრაიანტის საპატივცემულოდ, „8“-ც გააუქმა და „24“-იც და ჩვენი შუქურა ვისზე ნაკლები ჯორდანი და მარადონაა?..
ვაი, საცოდავო საქართველო, ამდენი სიგიჟეების შემხედვარე!..
ბატონი გოგი, ჩემი მეზობელი, დიდი ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანი, ცდილობს დამარწმუნოს, რომ ორასწლიან მონობა გამოვლილ და ფეიკტელევიზიებით მუდმივი ტვინის რეცხვის რეჟიმში მცხოვრები ხალხის ქვეყანაში, 15-20% გონებაარეული მოქალაქის ყოფნა ნორმალური სტატისტიკააო...
ეჰ,.. რა ვიცი, რა ვიცი...
ბიძინა დვალი
06.11.2022 წ.