ეს არის იმ ევროპარლამენტარებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ მომზადებული ცვლილებები, ვისთვისაც რეციდივისტი სააკაშვილი არის პოლიტიკური პარტნიორი. ესაა ამოსავალი წერტილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში შეფასებულია ქვეყანაში არსებული და მიმდინარე პროცესებისა ასევე, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული რეფორმების გატარების მიმდინარეობა. მისივე განმარტებით, ეს იყო საქმიანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დახმარებოდა და კონკრეტული მნიშვნელოვანი აქცენტები დაესვა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის შემდგომი თანამშრომლობის საფუძველი იქნებოდა.
„ეს არის ევროპის პარლამენტი, სადაც ინდივიდუალურ პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარლამენტარებს აქვთ უფლება შეიტანონ ცვლილებები და ყველაფერს დავარქვათ საკუთარი სახელი - ეს არის იმ პარლამენტარებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ მომზადებული ცვლილებები, ვისთვისაც რეციდივისტი სააკაშვილი არის პოლიტიკური პარტნიორი. ესაა ამოსავალი წერტილი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის დროს დავით კეზერაშვილი მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო და „დღეს იგი თურმე, მედიამფლობელია თუ მედიამენეჯერი. ბიძინა ივანიშვილი კი ქვეყანაში ჭარბი გავლენებით სარგებლობს“.
„ეს ნამდვილად არ არის შეტევა ამ პოლიტიკოსებზე, ეს ჩემი შეფასებაა და ამას გავიმეორებ სადაც არ უნდა იყოს, რადგან რეზოლუციაში ერთ-ერთი შესწორება იმაზეცაა, რომ ნუ აკრიტიკებენ ევროპარლამენტარებს და ევროპის წარმომადგენლებს. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ ვაკრიტიკებთ ევროპარლამენტარებსა და ევროპის წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებიც არჩეული არიან ევროპის სხვადასხვა კუთხიდან, დიახ, ისევე ვარ მეც არჩეული ზუგდიდიდან და მაქვს უფლება, ვისაუბრო რა მგონია მთავარი ვალდებულება ჩემი ამომრჩევლის წინაშე და რა მგონია იმ პასუხისმგებლობის აღსასრულებლად აუცილებელი, რასაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში შესწორებები გაჩნდა. დოკუმენტს, რომელიც ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, საგარეო კომიტეტი 2 დღეში განიხილავს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი 21 ნოემბერს გავა. ეს შესწორებები ფაქტობრივად იმეორებს იმ რეზოლუციის პათოსს, რომელიც ევროპარლამენტმა ივნისში მიიღო და რომელსაც მმართველმა გუნდმა დაუსაბუთებელი, მძიმე და ყალბ ანგარიშებზე დაფუძნებული უწოდა.