საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის მისაღწევად ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობა - აღნიშნული საკითხები სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან პირისპირ შეხვედრისას განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არცერთი დემოკრატია არ არის სრულყოფილი, თუმცა საქართველო იმსახურებს კანდიდატობის სტატუსს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ პარტნიორებისაგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოს ევროპული ინტეგრაციის ამ გზაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და 12 პუნქტიან რეკომენდაციების შესრულების საკითხს, რაზეც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას აბრკოლებს პოლარიზაცია და სწორედ ამიტომაა, რომ წამოიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი.
„პოლარიზაცია აუცილებლად უნდა დავძლიოთ და შევამციროთ, რადგან ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ის გამოყენებული იქნას ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის და 2023 წელს დაგეგმილ კონფერენციაზეც მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მეორედ ჩატარდება.