მახარებს ის გარემოება, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და პოლიციამ გერმანელ კოლეგებთან ერთად წარმატებული საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო თაღლითობის ფაქტების აღკვეთა, მათ შორის თაღლითური ონლაინ-პლატფორმების გამოვლენა. დიდი მადლობა და ასევე წარმატებებს გისურვებთ შემდგომ საქმიანობაში, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ერნტს პეტერ ფიშერმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ქოლცენტრების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო და გერმანია სამართლებრივი მიმართულებით უკვე მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ.
„ეს არის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ჩატარებული ღონისძიებები და მოქმედებები არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ევროკავშირის და საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ასევე ეს არის ნათელი მაგალითი, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი და ევროპული გზა ევროპის კავშირისკენ, ჩვენ ამას ვუსურვებთ საქართველოს“, - აღნიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ბრიფინგზე.
ერნტს პეტერ ფიშერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალური პროკურატურის, გერმანიის, ბავარიისა და საქსონიის ფედერალური მხარეების წარმომადგენლებს და მომავალში ასევე წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთვა.
როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა და ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ქსელი გამოვლინდა.