ბრიტანეთის უმსხვილესი სამოგზაურო ჟურნალის, Wanderlust-ის მიერ საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის დიდი აღიარება და მნიშვნელოვანია როგორც უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად, ასევე ზოგადად, ქვეყნის პოზიციონირებისთვის საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
„განსაკუთრებით სასიხარულოა ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის იქიდან გამომდინარე, რომ პროცესში ბევრი სხვა ქვეყანა მონაწილეობდა, თუმცა, ხმათა უმრავლესობით, საქართველომ ღირსეულად დაიკავა გამარჯვებულის ადგილი, როგორც ყველაზე საინტერესო ტურისტული მიმართულებების ქვეყანამ მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან საამაყოა, საქართველო აქტიურად განაგრძობს ნაბიჯების გადადგმას ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდისთვის და მოლოდინი გვაქვს, რომ ამის შედეგად ქვეყანა უმასპინძლებს კიდევ უფრო მეტ ტურისტს, მათ შორის ბრიტანეთიდან. ეს არის დიდი აღიარება და მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციონირებისთვის საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და გამოკითხვებს ამზადებს და ყოველწლიურად საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. 2022 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულების ქვეყნებს შორის გამარჯვებულად საქართველო დასახელდა. „Most Desirable Emerging Destination" ჯილდო Wanderlust-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს გადაეცა.
Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში, საიტის საშუალებით ინფორმაციას უზიარებს მიმართულებების შესახებ. სოციალურ ქსელებში Wanderlust-ს 200 ათასამდე გამომწერი ჰყავს, თითოეულ მასალას კი 100 ათასამდე ადამიანი კითხულობს.