„ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავს ამომრჩეველი, ვერ აკეთებენ იმას, რომ არჩევნებით დაუბრუნონ ხელისუფლება და ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს მოხდეს რაიმე რევოლუციის გზით, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.
„არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სავლეთა პავლეიზაციის პროცესი დაიწყოს. ისინი უფრო ერთმანეთს კორტნიან იმ წარუმატებლობის გამო, რომელიც მათ აქვთ ბოლო 10 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე - რამდენად წარმატებული იქნება კეზერაშვილის მცდელობა, რომ რადიკალური ფლანგი დიდი ფულის მეშვეობით გააერთიანოს - გიორგობიანი ასე პასუხობს:
„ზუსტად ამ კორპორატიული ფულით ამუშავებენ ისინი იმ ტელევიზიებს და დესტრუქციული პარტიებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ საქართველოში მოაწყონ სისხლიანი ტერორი და გადატრიალება. არ მგონია, რომ ეს თანხა ერთი ადამიანის განკარგულების ქვეშ იყოს. მათ ჰყავთ კარგი კოორდინატორები. მათ ჰქონდათ სხვადასხვა ფონდები, რომელთა მეშვეობითაც გატანილი აქვთ ეს ფული. ეს ფული მუშაობს იგივე ქოლ-ცენტრებში, სხვადასხვა ბიზნესებში, საიდანაც შემოსავლების გენერირება მიმდინარეობს. შეიძლება ამ სტრუქტურაში კეზერაშვილი იყოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ საერთო ჯამში ეს მაინც კორპორატიული ფინანსებია, რომელსაც იყენებენ საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევისთვის, რათა ამ გზით დაიბრუნონ საქართველო, როგორც ბაზისი საკუთარი კრიმინალური მოქმედებისთვის საერთაშორისო არენაზე“, - განაცხადა გიორგობიანმა.