ახალი კონსერვატიული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი
„საქართველო უპირველეს ყოვლისა“
თანამედროვე მსოფლიოში გაბატონებული ახალი ტრენდები, მათი ტოტალური პროპაგანდა და აგრესიულად დანერგვის მცდელობა საფრთხეს უქმნის: ტრადიციულ ღირებულებებს, კულტურას, ადამიანის იდენტობას.
ამ იდეოლოგიამ შეაღწია ყველგან: მედიაში, პოლიტიკაში, ბიზნესში, აკადემიურ დაწესებულებებში, სკოლებში, ყოფით კულტურაში.
ყველა, ვისაც ტრენდისგან განსხვავებული თვალსაზრისი გააჩნია, გამოცხადებულია: ჰომოფობად, რასისტად, პრორუსად, „ბნელად“.
ნეოლიბერალიზმის ამგვარი ტოტალურობა და მისი თავსმოხვევის აგრესიული მეთოდები დღეს სასიცოცხლო პრობლემა ხდება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, არამედ ზოგადად, ადამიანის იდენტობისთვის და მისი უცვლელი ღირებულებებისთვის: ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, მორალური წესრიგი, თავისუფლებისა და ვალდებულებების ბალანსი, კლასიკური კულტურა.
მიგვაჩნია, რომ ასეთი რთული გამოწვევების ფონზე, დღეს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს კულტურული კონსერვატიზმის სულისკვეთება და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა ახალი კონსერვატიული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი სახელწოდებით - “ საქართველო უპირველეს ყოვლისა”.
იმ ფონზე, როდესაც დასავლური რეალისტური და კონსერვატიული მიმართულების ამბები ქართველი მკითხველისა და მაყურებლისთვის რთულად ხელმისაწვდომია, ახალი პორტალი უზრუნველჰყოფს დეკლარირებულ ღირებულებებთან შესაბამისი ახალი ამბების, ანალიტიკისა თუ სხვა ტიპის წერილობითი/ვიდეო კონტენტის მიწოდებას მომხმარებლისთვის. ჩვენ ვეცდებით, მხოლოდ ნამდვილი ამბების, ფაქტების და იმ პოზიციების გავრცელებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პოლიტკორექტულობას და ნეოლიბერალიზმის დღეს გაბატონებულ იდეოლოგიას, მოვიპოვოთ უპირატესობა მიმდინარე საინფორმაციო-პროპაგანდისტულ ომში.
ჩვენ, მხარს დავუჭერთ სამშვიდობო პოლიტიკას და ვკონცენტრირდებით ეროვნული ინტერესების დაცვაზე.
აღნიშნული პლატფორმა დაამყარებს კონტაქტებს ამერიკულ, ევროპულ და სხვა ქვეყნებში მოქმედ კონსერვატიულ ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებთან.
ვებ-პლატფორმა ყოველდღიურ რეჟიმში განახლდება და მომხმარებელს შესთავაზებს საინტერესო, არამეინსტრიმულ მასალებს. ვებ-პლატფორმაზე განთავსდება სხვადასხვა საერთაშორისო წყაროებიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი სტატიები, ინტერვიუები, პოდკასტები. ასევე, გავრცელდება ადგილობრივი ავტორების ანალიტიკური წერილები, მომზადდება ინტერვიუები მაღალი კვალიფიკაციის მქონე, მიუკერძოებელ ექსპერტებთან.
ვებ-პლატფორმის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებლები არიან: ვატო შაქარიშვილი; ირმა სანაძე; ნუცა ლომაძე; კოტო გაჩეჩილაძე.