logo_geo
eng_logo
თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ახმეტაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
- +

10 ნოემბერი. 2022. 15:28

 

 

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ახმეტის და პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

ახმეტაში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა საჭიროებებს, მათთვის სპეციალური სერვისების მიწოდებას, სამართლებრივ დახმარებას და სამართალწარმოების პროცესში ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას.

 

პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ ბოლო წლებში გატარებულ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ისაუბრეს ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის დანაშაულებთან ბრძოლა პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

 

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა:   ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების  დაცვა, მხარდაჭერა და მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესი.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული მძიმე დანაშაული. პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. 

 

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია  აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ოჯახში ძალადობის და ფემიციდის დანაშაულების დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათი საჭიროებების გათვალისწინება კამპანიის  ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება.

 

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner