logo_geo
eng_logo
ეროვნულ გალერეაში კოკა რამიშვილის მიმდინარე პროექტი „ვაკუუმი“ გაიხსნა
- +

11 ნოემბერი. 2022. 12:33

 

 

 

10 ნოემბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და Window Project-ის ორგანიზებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა კოკა რამიშვილის გამოფენა „ვაკუუმი“. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა.

 

კოკა რამიშვილი უახლესი ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი შემოქმედება პოსტსაბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაჰირებულ მსჯელობას შორის.

 

საქართველოსთვის განსაკუთრებით კრიზისულ 1990-იან წლებში კოკა რამიშვილი რეალური პრობლემატიკის არტისტულ ინტერპრეტაციებს მიმართავს. ამ წლებში იქმნება მისი მნიშვნელოვანი პროექტები, დაფუძნებული ისტორიულ ფაქტებზე, რომლებსაც ხელოვანი წინააღმდეგობრივი შინაარსის გზავნილებად აქცევს („ომი ჩემი ფანჯრიდან“, „დიპლომატიური მისიები თბილისში/Pronostic Eventuel“ და ა.შ.).

 

„ვაკუუმი“ რთული, უხილავ ფსიქოემოციურ აქცენტებზე აგებული ექსპოზიციაა და მიუხედავად იმისა, რომ ახალ ნამუშევრებთან ერთად წინა წლებში განხორციელებული რამდენიმე პროექტის მოტივი იყრის თავს, ის არ გულისხმობს რეტროსპექტულ ფორმატს. როგორც თავად ავტორი ამბობს, ამ გამოფენაზე მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინტიმურობის ატმოსფეროს შექმნა, რაც განსაკუთრებით მძაფრად გადმოიცა ვიდეოინსტალაციაში „ადამიანები სიყვარულის განცდისას".

 

გამოფენა 2 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner