logo_geo
eng_logo
რა სურს ამერიკას?! (წერილი მეხუთე)
- +

11 ნოემბერი. 2022. 22:25

 

 

ელჩობა ხელშეუხებლობის გარანტიაა, ამერიკის ელჩობა - ყველაფრის კადრებაზე უფლების გარანტია. აღნიშნული დეფინიცია ჩვენს რეალობაში იმდენი ფაქტითაა გამყარებული, რომ უყოყმანოდ შეიძლება შევიტანოთ განმარტებით ლექსიკონებში.

 

ქალბატონმა დეგნანმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელის გულუბრყვილებით გაიკვირვა, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო, რა ჩვენი საქმეა, ჩვენ რა შუაში ვართო. თავში ხართ, დიპლომატის გარდა, ყველაფერო ქალბატონო დეგნან - თავში. საქართველო იქეთ იყოს და ევროპაში არ დარჩა პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ჩახედული კაცი, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ამერიკის ხელს არ ხედავდეს და ამ ზეწოლებს თუ ჩარევებს ნეგატიურად არ აფასებდეს.

 

ახალი მაგალითები გინდათ? - აიღეთ ქალბატონი ელჩის მიერ ე.წ. რეზოლუციასთან სრულ ჰარმონიაში მყოფი განცხადება გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან სრულიად სამართლიანად შეფასდა როგორც სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლა და სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა.

 

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის კონტექსტში იკითხება „ვაშინგტონის კრემლის“ მაღალი პასუხისმგებლობის პირის, ნედ პრაისის მიერ, რამდენიმე დღის წინ, ბრიფინგზე, ნაცჟურნალისტთან გათამაშებული „სკეტჩის“ დროს გაკეთებული უსამართლო და შეიძლება ითქვას, უღირსი ე.წ. შეფასებებიც, რაც ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად. არანაირი ფაქტები, არანაირი არგუმენტები, არანაირი სტატისტიკა, მხოლოდ და მხოლოდ ჰაერიდან მოტანილი „დასკვნები“ - „მთავრობის მოქმედებებმა, მათ შორის, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, გამოიწვია უკუსვლა“ - მორჩა და გათავდა.

 

არადა, კომპეტენტური და შესაბამისი პასუხისმგებლობით აღჭურვილი საერთაშორისო ორგანიზაციები სრულიად განსხვავებულ დასკვნებს აქვეყნებენ დემოკრატიის, სამართლის, ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შედეგებთან დაკავშირებით. ისევ ფაქტების (ციფრების, რეიტინგების) აღქმებით გადაფარვის სამარცხვინო მცდელობებთან გვაქვს საქმე.

 

ძალა სიმართლეშია!!! სიმართლის მთქმელთა ახლად დაფუძნებული, ხელისუფლებასთან ტანდემში მოქმედი (მნიშვნელობა არა აქვს ეს შეთანხმებით ხდება თუ შეუთანხმებლად) გაერთიანება, „ხალხის ძალა“ გეგმაზომიერად აფართოვებს არეალს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები, იდეოლოგიური თემატიკა შემოაქვს დღის წესრიგში.

 

რა დასამალია, ამერიკელი და ზოგადად დასავლელი „მეგობრების“ მხრიდან „ქართული ოცნების“, როგორც პარტნიორის, მიუღებლობის მთავარ საფუძველს წარმოადგენს (რეალური დამოუკიდებლობისკენ სწრაფვასთან ერთად) მათ სამყაროში დომინანტურ ნეოლიბერალურ იდეოლოგიასთან საქართველოს მმართველი პარტიის პოზიციების სრული შეუთავსებლობა.

 

დონალდ ტრამპის მიერ სამყაროს მოწყობასთან დაკავშირებით მარტივი ფორმულით გამოხატულმა დამოკიდებულებამ - „კაცი კაცია, ქალი კიდევ ქალი“ - ნეოლიბერალების მიერ შეკოწიწებულ „ახალ თავისუფლებას“ ბზარი გაუჩინა. არჩევნების მოსაგებად „ყველაფერზე წასულმა“ ბაიდენის გუნდმა უკვე მეორედ ვერ ჩააბარა დემოკრატიის გამოცდა. დემოკრატიის მთავარ ციტადელში, ბოლო რამდენიმე წელია, მთელი ძალით მუშაობს (მძვინვარებს) პრინციპი - „მიზანი ამართლებს საშუალებებს“.

 

მსოფლიოს რთული პერიოდი უდგას. რთული პერიოდი გვიდგას ჩვენც: ერთი მხრივ, ჩვენს მიერ კონტროლირებად 80%-ში, ყალბ იდეოლოგიასა და გაყალბებულ არჩევნებზე მდგარ მონსტრთან ვართ პირისპირ დარჩენილი, ხოლო ოკუპირებული 20%-დან მეორე მონსტრი გვესაუბრება ტანკებისა და ზარბაზნების ენაზე.    

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ მრავალჯერ თქმულს - ჩვენი ძალა სიმართლეშია! მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ შიშველი სიმართლის იმედად ვერ ვიქნებით. სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად ქმედითი მექანიზმებია შესამუშავებელი. ჩემი თვალთახედვით, აღნიშნული მიმართულებით „ხალხის ძალამ“ უნდა იტვირთოს ინიციატორის მეტად საპასუხისმგებლო როლი.

 

პრობლემებთან შესაჭიდებლად არ არის აუცილებელი ახალი ველოსიპედის გამოგონება. უბრალოდ, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში წარმატებით მოქმედი, სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამცავი საშუალებების კოპირება იქნება საჭირო.

 

საფრთხეები თვითონ გვკარნახობენ საქმიანობის მიმართულებებს და უახლოეს მომავალში გადასადგმელი ნაბიჯების შინაარსს:

 

შემუშავდეს კანონი მედიის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს სიძულვილის ენის ბრძოლის იარაღად გამოყენების აკრძალვას, საზოგადოების წევრებისა თუ წარმომადგენლობების ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან დაცვას, შეზღუდავს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას;

 

შემუშავდეს კანონი უცხოური ფულით პოლიტიკის დაფინანსების აკრძალვის შესახებ (იგულისხმება დაფინანსების როგორც პირდაპირი, ისე ირიბი საშუალებების გამოყენება, მაგალითად, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია-სუბიექტების და სხვ.);

 

შეიქმნას 2008 წლის აგვისტოს ომისა და მისი თანმდევი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შემუშავების გარემოებების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია. დაგროვილი ინფორმაციიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ საქმე გვაქვს დიდი მასშტაბის სავარაუდო სახელმწიფო დანაშაულთან. შედეგებიდან გამომდინარე, კომისია შეიმუშავებს და წარმოადგენს პოლიტიკურ შეფასებას და აუცილებლობის შემთხვევაში, მოპოვებულ მასალას გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს. ომთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენებისთვის შესაბამისი სახელების დარქმევის გარეშე, ქვეყანაში მშვიდობისა და ერთიანობის გარემოს შექმნისთვის აუცილებელ სამართლიანობის აღდგენას ასრულება არ უწერია.

 

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მიერ ჩვენს მიმართ ორმაგ სტანდარტებზე აწყობილი ურთიერთობების პირობებში ამის გაკეთება არ იქნება იოლი ამბავი, მაგრამ მწამს, რეალური დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვას წინ ვერაფერი დაუდგება.

 

ბიძინა  დვალი

 

11.11.2022 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner