საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეხუთე ფანჯარაში ისლანდიის ნაკრები 88:85 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელიამ ულიდერა, რომელმაც 27 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 13 ქულა დუდა სანაძის ანგარიშზეა, თად მაკფადენმა კი 12 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა დააგროვა. შენგელიასთან ერთად ჩვენიანთაგან ორმაგი გიორგი შერმადინმა გაიფორმა – 10 ქულა, 11 მოხსნა. ბერიშვილის ანგარიშზე ზემოხსენებული 3 სამიანი და 9 ქულაა, რატი ანდრონიკაშვილმა 6 ქულა მიითვალა, ხოლო რეკორდსმენმა გიორგი ცინცაძემ, რომლისთვისაც ისლანდიასთან მატჩი 202-ე იყო კარიერაში, ქართველებს გამარჯვების მოსაპოვებლად 7 ქულა და 4 პასი მიაშველა. ისლანდიელთაგან 15 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ტრიგვი ჰლინასონი.
ამ მატჩის შემდეგ საქართველო და ისლანდია 4 მოგებითა და 3 წაგებით ცხრილში ერთმანეთს გაუთანაბრდნენ, თუმცა ჩვენს ნაკრებს სოლიდური ჰანდიკაპი აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ისლანდია ტურნირის დასკვნით მატჩს თბილისში ითამაშებს და მანამდე გასამართ 2 ტუში საქართველო კუნძულელებს ქულით რომც ჩამორჩეს, ილიას ზუროსის გუნდს ისლანდიასთან გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოუტანს.
ჩვენს ჯგუფში ესპანეთმა დამატებით დროში – 88:84 სძლია სტუმრად იტალიას და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა. იტალია 2 დღეში თბილისში, საქართველოს დაუპირისპირდება.