„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 6 პირი დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო 2 ცეცხლსასროლი იარაღი.
ამავე ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ლ.კ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1999 წელს დაბადებული რ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ რ.რ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ,,აკს“-ის და „აკმ"-ის მოდელების ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, 2 მჭიდი და 30 ვაზნა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1959 წელს დაბადებული ზ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო "აკს 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, გამომშრალი „მარიხუანა“.
1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ხ. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო რევოლვერი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად - 1962 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. სამართალდამცველებმა გ.შ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რევოლვერი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.